ოფიციალურად - მანჩესტერ იუნაიტედმა ონანა ტრაბზონსპორში გაანათხოვრა
ანდრე ონანა მიმდინარე სეზონს თურქეთში გაატარებს.
„ტრაბზონსპორის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე იჯარის წესით კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა’’ ონანა 2023 წლის ზაფხულში, 51 მილიონ ევროდ, მილანის „ინტერიდან’’ შეიძინეს, თუმცა კამერუნელის კარიერა „ოლდ ტრაფორდზე’’ წარმატებული არ გამოდგა - ორი სეზონის შემდეგ, 29 წლის მეკარე კლუბის გეგმებში აღარ შედის.
ინგლისის პრემიერ ლიგაში ონანას სტატისტიკა ასეთია: 72 მატჩში 239 „სეივი’’ შეასრულა და 18 მატჩში კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება საკლუბო ტიტულებს, 2023-24 წლების სეზონში ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა, გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა „ტოტენჰემთან’’ ბრენან ჯონსონის გოლით დამარცხდა.
ანდრე ონანას „მანჩესტერ იუნაიტედთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.