ხარატიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე ჩემი საუკეთესო ვერსია ვაჩვენო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა, რომელიც ბათუმის „დინამოდან“ ჩეხურ „პარდუბიცეში“ გადავიდა, კომენტარი გააკეთა.
22 წლის ლუკა „პარდუბიცეს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი ჩეხურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
„მინდა „პადრუბიცეში“ ღირებული შენაძენი ვიყო. მჯერა, ერთად წარმატებებს მივაღწევთ. მოუთმენლად ველი ჩემს პირველ თამაშს. ძალიან გახარებული ვარ და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე ჩემი საუკეთესო ვერსია ვაჩვენო“, - თქვა ლუკამ.
შეგახსენებთ, რომ ხარატიშვილი ბათუმის „დინამოს“ აკადემიის აღზრიდილია და მის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე, 36 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვადასხვა დროს 22 წლის მეკარეს ქობულეთის „შუქურასა“ და „სამტრედიაშიც“ უთამაშია.
ხარატიშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „პარდუბიცე“ ჩეხეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ასპარეზობს და 7 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.