„ზიდანს უარს ვერავინ ეტყვის“ - მბაპე საფრანგეთის ნაკრებზე
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ L’Equipe-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, ვინ უნდა ჩაიბაროს „სამფეროვნები“ მას შემდეგ, რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დიდიე დეშამი დატოვებს.
რა თქვა მბაპემ:
„არაა საჭირო ყველაფრის გართულება. ის ზინედინ ზიდანია - მას უარს ვერავინ ეტყვის. ეს მხოლოდ მას შეუძლია. თუ დეშამს ზიდანი შეცვლის, ძალიან კარგი იქნება. თუ სხვა მწვრთნელი იქნება, არც ესაა პრობლემა, თუმცა ზიდანი ერთადერთია ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში, ვისაც თითქმის განუსაზღვრელი უფლებები აქვს.
რაც შეეხება დეშამს, მან ნაკრების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მისი დადებით ნოტაზე გაცილების ნიშნად? არა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იმიტომ გვინდა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატია, თუმცა თუ ამით დიდიეს გავუკეთებთ სასიამოვნო საჩუქარს, ეს ძალიან კარგი იქნება“.
ცნობისთვის, დეშამმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა და მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (2018) და ერთა ლიგა (2021), ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალამდე მივიდა.
რამდენიმე თვის წინ დეშამმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ზიდანს, მწვრთნელის რანგში მას მხოლოდ მადრიდის „რეალში“ უმუშავია(2016-2018 და 2019-2021 წლებში), მას შემდეგ კი უგუნდოდაა.