„კვარას გაყიდვა მისმა აგენტმა მაიძულა“ - აურელიო დე ლაურენტისი
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა Corriere della Sera-სტან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი მას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტით ემუქრებოდა, რის გამოც „ნაპოლის“ ხვიჩას გაყიდვა მოუწია.
„კვარაცხელიას გაყიდვა მომიწია, იმიტომ რომ მისი აგენტი ფიფას წესდების მე-17 მუხლის ამოქმედებით მემუქრებოდა [კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა]. პირველი სეზონის შემდეგ ჩვენ ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივება და გაზრდილი ხელფასი შევთავაზეთ, ვინაიდან ვიცოდით, რომ მისი დაბალი ხელფასი არაერთ კლუბს მოიზიდავდა და ისინი კვარაცხელიას „ოქროს კოშკებს“ დაპირდებოდნენ.
თუმცა მის აგენტ მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა. მას სხვა კლუბისგან მაღალი საკომისიოს მიღება სურდა, კვარას კი სულ მცირე 10 მილიონი ევრო ხელფასი ექნებოდა. მეორე სეზონის შემდეგ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა. ჯოვანი მანა, ანდრეა კიაველი და მე დიუსელდორფში გავფრინდით, რათა მოლაპარაკებები გაგვემართა, მაგრამ მამუკა კვლავ ჯუნტოლის მიერ შეპირებული ფულის გადახდას ითხოვდა. ეს ტყუილია, რაც მარტივად შევამოწმეთ.
ხვიჩა მაშინვე უნდა გამეყიდა, პსჟ მასსა და ვიქტორ ოსიმენში 200 მილიონზე მეტს ითხოვდა. თუმცა ანტონიო კონტეს დავპირდი, რომ ხვიჩა გუნდში დარჩებოდა, და სიტყვას ვერ გავტეხდი“.
ცნობისთვის, მე-17 მუხლი, რომელზეც დე ლაურენტისი საუბრობს, ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას ითვალისწინებს - იმ პირობით, რომ ის გადაუხდის კლუბს კომპენსაციის სახით თანხას, რომელიც კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში ხელფასის სახით უნდა მიეღო.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პსჟ-ში „ნაპოლიდან“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. პარიზელებმა მის სანაცვლოდ „პარტენოპეის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს.