ჩელსის ღირსეული ჟესტი | ბონუსის ნაწილს ჟოტას ოჯახს გადაურიცხავენ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი „ჩელსის“ გამარჯვებით დასრულდა. ლონდონელები ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. ტიტულის მოგების წყალობით, „არისტოკრატებმა“ 87 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს და გადაწყვიტეს, ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარონ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ჩელსის“ ფეხბურთელები თავიანთი ბონუსის ნაწილს ტრაგიკულად დაღუპული დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის, ანდრე ჟოტას ოჯახებს გადასცემენ. ადამ კრაფტონის ცნობით, თანხა დაახლოებით 500 000 ოდენობისაა.
ცნობისთვის, ჟოტას ხსოვნას პატივს პრემიერ ლიგაც მიაგებს. ინგლისის ჩემპიონატის ახალი სეზონი „ლივერპულისა“ და „ბორნმუთის“ თამაშით გაიხსნება და მატჩის დაწყებამდე, გუნდები მის ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგნებენ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ, ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ჟოტა თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ანდრე ჟოტაც - ის ასევე ფეხბურთელი იყო და პორტუგალიური „პენაფიელის“ ღირსებას იცავდა.