„დაცვაშიც და შეტევაშიც უკეთესად თამაში შეგვიძლია“ - ლუის ენრიკე
უეფას სუპერთასის წინ, რომელშიც პსჟ ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფას ვებგვერდთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
„ახლაც კი, როდესაც პარიზის ქუჩებში ვსეირნეობ, ხალხი მოდის და მადლობას მეუბნება. დიდი გამოცდილება მაქვს როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში, თუმცა ასეთ რამეს ყოველთვის ძალიან ვაფასებ. სრულიად უცხო ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა უამრავი საკუთარი პრობლემა აქვთ, შენ გააბედნიერე და ეს პრობლემები ცოტა ხნით მაინც დაავიწყე - ეს ძალიან სასიამოვნოა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ 3-4 მატჩში ბეწვის ხიდზე გავიარეთ, თუმცა, ვფიქრობ, მეტი ქულა დავიმსახურეთ. რაღაც არ მუშაობდა, საკუთარი ძალების არ გვჯეროდა. საკუთარ თავს დავუსვით კითხვა - „რატომ ვერ გაგვაქვს გოლები? რატომ ვერ ვპოულობთ საჯარიმოში ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე კარგ პოზიციაში იმყოფება?“. ამის შემდეგ ჩვენი სტატისტიკა შეიცვალა, დავიბრუნეთ თვითრწმენა და იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც თამაშებს ვერ იგებდნენ, უეცრად ძალიან მარტივად დაიწყეს გოლების გატანა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, რომ ორკვირიანი პაუზა გვქონდა. საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ ორი კვირა არ გვითამაშია და მთელი სამწვრთნელო შტაბი იმაზე ვფიქრობდით, რა მოვიმოქმედოთ, რომ ფეხბურთელები ზედმეტად დამშვიდებულები არ ყოფილიყვნენ. ყველამ იცოდა, რომ 100%-ზე მეტად უნდა დავიხარჯოთ, მაგრამ მახსოვს, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უნდა შევეცადოთ, დავიხარჯოთ არა 120%, არამედ 105% პროცენტით, ვინაიდან ასეთ თამაშებში ზედმეტი მონდომების გამო შესაძლოა დაძაბულობას ვერ გაუმკლავდე, თუმცა ფეხბურთელებმა ყველაფერს კარგად გაართვეს თავი - დამოკიდებულება უბრალოდ შესანიშნავი იყო.
ეს ყველაფერი უკვე ისტორიაა, ბევრი ვიშრომეთ და შემდეგ ბევრი ვიზეიმეთ - ვფიქრობ, ეს იდეალური სეზონი იყო. ყველამ იცის, რა ტრაგედია გადაიტანა ჩვენმა ოჯახმა. ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანი იბადება და კვდება, მაგრამ არავინ ეგუება სიკვდილს. ფიზიკურად ჩემი ქალიშვილი ქსანა ჩვენთან აღარაა, თუმცა სულიერი კავშირი ჩვენ შორის ყოველთვის იარსებებს. ამ მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხსენე, როგორ უყვარდა ქსანას მოედანზე სირბილი. ამ დღეს ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო, იმიტომ რომ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების ოჯახები სტადიონზე იყვნენ და ჩვენ გვინდა, რომ ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
ახალ სეზონში ჩვენი მიზანი თამაშის გაუმჯობესებაა. კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგება შეგვიძლია, ამიტომ რთული სეზონი გველის წინ. საფეხბურთო გადასახედიდან, ვფიქრობ, დაცვაშიც და შეტევაშიც უკეთესად უნდა ვითამაშოთ. გვსურს, ყველა შესაძლო ტიტული მოვიგოთ. ზედიზედ ორ სეზონში ტრებლის მოგება ისტორიაში შეგვიყვანს, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს“.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ და ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.