რეპეტიცია მსოფლიოს პირველობისთვის - მაჭავარიანის ბრინჯაო
სანდრო მაჭავარიანი მშვილდოსნობაში ევროპის ახალგაზრდული თასის ორი ეტაპის ჯამში ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სანდრომ ბულგარეთში ჩატარებულ შეჯიბრებაში - 644, ხოლო რამდენიმე დღის წინ სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში გამართულ ასპარეზობაში 662 ქულა დააგროვა და 60 მონაწილეს შორის მესამე შედეგი აჩვენა, რაც მართლაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია გვანცა არჩვაძეს, რომელსაც 55 კონკურენტი ჰყავდა და 616 ქულით მეცამეტე ადგილი დაიკავა. არჩვაძე-მაჭავარიანის დუეტმა ძალები შერეულ წყვილთა ტურნირშიც მოსინჯა, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდი 24 მონაწილეს შორის მეხუთე პოზიციაზე გავიდა. რაც შეეხება 18-წლამდელებს, დავით ბასილაძემ 660 ქულით მერვე შედეგი აჩვენა და საქართველოს ჭაბუკთა პირველობაზე დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თემურ დავითაძე 614 ქულით მე-14 გახლდათ, ხოლო ანა ბოლოკაძემ და ელენე ეფრემიძემ 628-628 ქულით, შესაბამისად 21-ე და 23-ე ადგილები დაიკავეს.
სლოვენიაში გამართული პრესტიჟული შეჯიბრება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია გახლდათ, რომელსაც სექტემბერში კანადა უმასპინძლებს.