ბრინჯაო ევროპის თასზე - ქართველი მშვილდოსნების წარმატება
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის თასის პირველი ეტაპი საქართველოს მშვილდოსანთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის წარმატებული და თამამად შეიძლება ითქვას ისტორიულიც აღმოჩნდა, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა მსგავსი დონის შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი პირველად მოიპოვეს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები მაღალი დონის შედეგების მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდული გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პოლონელებს 6:0 აჯობა. ფინალის საგზურისთვის შეხვედრა ქართველმა გოგონებმა იტალიელებთან 2:4 დათმეს, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩეხები 6:0 დაამარცხეს. ჩვენი ქვეყნის სახელით ევროპის თასზე სამი მშვილდოსანი, ელენე ეფრემიძე, ნია გათენაძე და ანა ბოლოკაძე ასპარეზობდა.
ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ თურქეთის ქალაქ ანტალიაშიც ქართველმა მშვილდოსნებმა საოცარი შედეგი აჩვენეს და ალექსანდრე მაჭავარიანისა და მედეა გვინჩიძის წყვილმა ევროპის გრან პრის ჩემპიონის ტიტული მოიგო.