Gazzetta: მიქაუტაძე რეტეგის შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატია
იტალიური Gazzetta-ს ცნობით, გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ბერგამოს „ატალანტას’’ ფეხბურთელი გახდეს. მატეო რეტეგი მზადაა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს და მის ყველაზე რეალურ შემცვლელად „ლიონის’’ ქართველი ფორვარდი მიიჩნევა. წყაროს ცნობით, „ატალანტა'' მიქაუტაძის გარშემო არსებულ ვითარებას სწავლობს.
იტალიური Pianetatalanta წერს: „მიქაუტაძე არასტანდარტული თავდამსხმელია, რომელიც რეტეგისგან ძალიან განსხვავებულია. უფრო დაბალი და უფრო სწრაფია სხვა თავდამსხმელებთან შედარებით, მას უკეთესად გამოსდის დრიბლინგი და მოძრაობა, ვიდრე ზურგით თამაშში''.
რამდენიმე დღის წინ ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ „ატალანტა'' რეტეგის გაყიდვას 70 მილიონ ევროდ გეგმავს და ამ თანხით ეცდებიან მისი შემცვლელი მოიყვანონ. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, რეტეგის შეცვლის უპირველესი კანდიდატი ლორენცო ლუკა იყო, თუმცა ახლა როგორც Gazzetta-მ დაწერა, ვითარება შეიცვალა და ყველაზე რეალური კანდიდატი მიქაუტაძე გახდა.
ცნობისთვის, „ლიონი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ სულ მცირე 23 მილიონ ევროს ითხოვს. „რომასა“ და „სანდერლენდის“ გარდა გიორგი თურქული გრანდების ყურადღების ცენტრშიცაა, „გალათასარაისა“ და „ფენერბაჰჩეს“ დაუკავშირეს. რაც შეეხება „სანდერლენდს“, „შავი კატები“ პრემიერ ლიგაში დაწინაურდნენ და სეზონის დაწყებამდე შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ. რაც შეეხება „ატალანტას'', ბერგამოელები გასულ სეზონში სერია A-ში მესამე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, რაც მიქაუტაძისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, „ლიონში'' დარჩენის შემთხვევაში კვლავ ევროპა ლიგაზე ვიხილავთ.