„ვერავის დავადანაშაულებთ“ | მუსიალამ ოპერაცია ჩაიტარა და კომენტარი გააკეთა
„ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ჯამალ მუსიალამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში მიღებულ დაზიანებაზე ოპერაცია ჩაიტარა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გერმანელმა შემტევმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.
„მოგესალმებით, ყველას. მინდა, თითოეული თქვენგანისგან მიღებული სიყვარულისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სასიამოვნო სანახავია, როდესაც ასეთ დროს საფეხბურთო სამყარო ერთიანდება.
ქირურგიულმა ჩარევამ მშვენივრად ჩაიარა და ჩემზე კარგად ზრუნავენ. მინდა, ვთქვა, რომ მომხდარში ვერავის დავადანაშაულებთ. ასეთი სიტუაციები ხდება ხოლმე და მომდევნო პერიოდს გამოვიყენებ, რათა გავძლიერდე და პოზიტიური დამოკიდებულება მქონდეს. ერთი სული მაქვს, როდის შეგხვდებით“.
— Jamal Musiala (@JamalMusiala) July 9, 2025
შეგახსენებთ, რომ BILD-ის ინფორმაციით, მუსიალა ოთხ-ხუთ თვეს გამოტოვებს და მინდორს ნოემბრის დასაწყისში ან დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება. 22 წლის შემტევს მცირე წვივის მოტეხილობა და რამდენიმე იოგის დაზიანება დაუდგინდა. გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ მიიღო.