ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, მიხეილ ბახბახაშვილი
Aa
Aa

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, იაპონელების 8-წლიანი ჰეგემონია დაამხო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა სამხრეთ-კორეის გუნდი 4:1 დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით ფულადი ჯილდოს სახით - მილიონი ლარი გადაეცემა.

საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.

ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს – ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.

ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურში 2025 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგებაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები