„დისციპლინა, შრომა და მონდომება...“ - ქოჩორას ინტერვიუ სპორტინგზე, რონალდუზე და ლევანტეზე
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ გამოცემა Superdeporte-სთან ინტერვიუში „ლევანტეში“ გატარებულ წლებზე, ლისაბონის „სპორტინგთან“ მოლაპარაკებებზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
„ბედნიერი ვარ, რომ მიზანი, რომელიც გუნდის წინაშე იდგა, შესრულებულია. მიხარია, რომ „ლევანტე“ ლა ლიგაში დაბრუნდა. ეს ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა, ვინც ყოველდღე დაუღალავად შრომობდა ამისთვის. დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია და „ლევანტე“ ამის საუკეთესო მაგალითია - შესაძლოა, ბევრს ამის არ სჯეროდა, მაგრამ „ლევანტე“ ახლა იქ არის, სადაც მისი ადგილია - ლა ლიგაში. როდესაც ვხედავდი, როგორ იხარჯება გუნდი, და ვიცოდი, როგორ ვშრომობ მე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შედეგი აუცილებლად მოჰყვებოდა. სხვა გუნდში გადავდივარ, მაგრამ ისევ „ლევანტეს“ წარმომადგენელი და გულშემატკივარი ვიქნები. ამ გუნდს იმ განცდით ვტოვებ, რომ „ლევანტე“ ჩემი სახლია.
ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ როდესაც „სპორტინგის“ ვარიანტი გაჩნდა, ერთადერთი, რაც ვითხოვე - დამესრულებინა სეზონი „ლევანტესთან“ ერთად. მადლიერი ვარ იმისა, თუ როგორ მომექცნენ გულშემატკივრები, თანაგუნდელები და მწვრთნელი, როდესაც ჩემი ტრანსფერის შესახებ შეიტყვეს. როდესაც გიჩნდება შესაძლებლობა, დაეხმარო კლუბს, რომელმაც ამდენი რამ მოგცა, ამავდროულად, გააგრძელო შენი ოცნებებისთვის ბრძოლა და არც შენი გუნდი დააზარალო, ეს საუკეთესო გამოსავალია.
„სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, დიდი და ცნობილი კლუბია. ზედიზედ ორი ჩემპიონობა იზეიმეს, მაგრამ მე უკვე მესამე ჩემპიონობაზე ვფიქრობ. ბავშვობიდან ვიცოდი, როგორი ფეხბურთელები გაზარდა „სპორტინგმა“ - პირველ რიგში, კრიშტიანუ რონალდუ. პატარაობიდან ჩემი კერპი იყო. მახსოვს, 2012 წელს თბილისში ჩამოვიდა და ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო. 12 წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ ვითამაშეთ და 2:0 მოვიგეთ.
სეზონის მეორე ნახევარი კოჭის დაზიანებით ჩავატარე. ტრავმა „უესკასთან“ მატჩის წინ მივიღე და მას შემდეგ კოჭი სულ მტკიოდა. დილაობით საწოლიდან ვერ ვდგებოდი, მაგრამ მაინც მივდიოდი ბაზაზე, რადგან ვიცოდი, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან. მწვრთნელს ვუთხარი, რომ ყველა მატჩში უცვლელად 100%-ით ვერ ვითამაშებდი და მან გამიგო. ვთხოვე, ჩემი სათამაშო დრო ისე დაერეგულირებინა, რომ იმდენი წუთი მეთამაშა, რამდენი წუთიც 100%-ით თამაში შემეძლო. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გადავლახეთ, მიუხედავად იმისა, რომ იყო დრო, როცა ტკივილის გამო კვირაში მხოლოდ ერთხელ ვვარჯიშობდი.
როდესაც ესპანეთში ჩავედი, რთული პერიოდი მქონდა, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადებისა და მენტალური ჯანმრთელობის მხრივ, მიჭირდა თამაშის წაკითხვა, თავდაჯერება მაკლდა... ასეთ დროს უნდა გაიაზრო, რომ გაჩერება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ გზა ძალიან რთულია. დისციპლინამ გადამატანინა ყველაფერი და გამიჩინა ამბიციები, მევლო წინ.
როდესაც ბოლო მატჩში იბორამ კაპიტნის სამკლავური მომცა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან„ლევანტეში“ დავბრუნდები. არ ვიცი, ეს იქნება ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წევრის თუ სხვა როლში. ჯერ არ ვიცი, მომავალში რა საქმით ვიქნები დაკავებული, მაგრამ „ლევანტე“ ჩემი სახლია და ეს სულ ასე იქნება. რაც შეეხება „სპორტინგს“, იმედია, საჩემპიონო სერიას გავაგრძელებთ. ტიტულების მოგებაში ყველას შეაქვს წვლილი და მეც შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო. ვიცი, რომ დისციპლინა, შრომა და მონდომება არ უნდა დავაკლო, წინ კარგი ამბები მელოდება“.
ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ ერთად ლა ლიგა 2 მოიგო და გუნდი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს, რომელთანაც შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მიაღწია.