კოპენჰაგენმა პსჟ-ის მცველი დაიმატა | სად ითამაშებს გოჩოლეიშვილი
„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავდა, „პარი სენ-ჟერმენის“ მარჯვენა მცველი, იორამ ზაგუე დაიმატა. Le Parisien-ის ცნობით, 19 წლის ზაგუე პარიზულ გრანდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არ გაჰყვა და პსჟ-ს უახლოეს დღეებში დატოვებს.
გამოცემის ინფორმაციით, „კოპენჰაგენი“ ზაგუეს იჯარით დაიმატებს და სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
შეგახსენებთ, ანალოგიურ სიტუაციაში იყო გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლის კონტრაქტიც დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის - „კოპენჰაგენს“ იჯარის ვადის დასრულების შემდეგ ქართველი მცველის გამოსყიდვა შეეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, ამ უფლებით არ ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი უკრაინული კლუბის განკარგულებაში დაბრუნდება.
აქვე გეტყვით, რომ „შახტარს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - გუნდი ცნობილმა თურქმა ექსფეხბურთელმა, არდა თურანმა ჩაიბარა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ზაგუემ პსჟ-ში 6 მატჩი ჩაატარა. საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მას სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა - ქართველმა მცველმა სუპერლიგაში მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 3 ასისტი). კონფერენს ლიგაზე „კოპენჰაგენი“ მერვედფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ „ჩელსისთან“ დამარცხდა.