ხვიჩა კვარაცხელია, გია გეგუჩაძე
Aa
Aa

გია გეგუჩაძე: „პსჟ-ის წარმატებაში ხვიჩას ლომის წილი მიუძღვის“

დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის ფინალს ქართველებში ასეთი ინტერესი არ გამოუწვევია. 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგების შანსი ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ მიეცემა, რის გამოც „პსჟ“-„ინტერის“ თამაშს არამხოლოდ ფეხბურთის მოყვარულები, არამედ ის ადამიანებიც მოუთმენლად ელოდებიან, რომლებიც სპორტის უპირველესი სახეობის მატჩებს იშვიათად ადევნებენ თავლყურს. „პარი სენ-ჟერმენმა“ საკმაოდ მძიმედ ჩატარებული ჯგუფური ფაზის შემდეგ, ტურნირის პლეი ოფში ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს, „ლივერპულს“, „ასტონ ვილასა“ და „არსენალს“ აჯობა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე თვლის, რომ პარიზული გრანდის წარმატებაში კვარაცხელიას, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონს იანვრიდან შეუერთდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 59 წლის სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელ გათამაშებასაც შეეხო.

რას ამბობს გეგუჩაძე

„ინტერი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ ფინალისგან სანახაობრივ და დაძაბულ თამაშს ველი. ისევე როგორც ყველა ქართველს, მეც უდიდესი სურვილი მაქვს პარიზის კლუბმა გაიმარჯვოს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნერიაძური ნამდვილად კერკეტი კაკალია და მისი გატეხვა ურთულესი საქმე იქნება.

არ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაზე განსაკუთრებით არ აღვნიშნო - ის არაჩვეულებრივად მოერგო ამ გუნდს და პსჟ-ის ფინალში გასვლაში ლომის წილი მიუძღვის. ლუის ენრიკეს სახით ხვიჩას არაჩვეულებრივი მწვრთნელი ჰყავს და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ფეხბურთელი ესპანელი სპეციალისტის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჩაჯდა, რაც მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო კარგად იგრძნობა.

რაც შეეხება საქართველოს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ წინა სეზონთან შედარებით ხარისხი გაზრდილია, თუმცა ყველას რა თქმა უნდა უკეთესი გვსურს. მითუმეტეს ახლოვდება ევროტურნირები და იქ წარმატების მიღწევა ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემს მომავალზე რისი თქმა შეიძლება? ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს გარკვეული ვარიანტი, თუმცა კონკრეტიკისგან ჯერჯერობით მაინც თავს შევიკავებ. აქამდეც იყო შემოთავაზებები, მაგრამ ისეთი საინტერესო არა, რომ დათანხმდებად ღირდეს.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის გუნდი ევროპულ საკლუბო ტურნირზე ათამაშა - 2004 წელს, მისი მომზადებული თბილისის „დინამო“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ - შაშიაშვილი ფინალის წინ
„კვარას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ - შაშიაშვილი ფინალის წინ