„ბარსა-პსჟ გაცილებით მაგარი ფინალი იქნებოდა“ - მერებაშვილი კვარას შანსებზე
ფეხბურთელობის პერიოდში გიორგი მერებაშვილი დახვეწილი, ტექნიკური სათამაშო მანერით გამოირჩეოდა, რომელიც გამწვავებაზე წასვლას ბურთის დაკარგვის შიშით არასოდეს ერიდებოდა და ქართველ გულშემატკივარს მუდამ დადებითი კუთხით ემახსოვრება. 38 წლის გიორგი ამჟამად კარიერის ბოლო ეტაპზეა, პოლონეთის ქვედა ლიგაში სამოყვარულო დონეზე ჯერ კიდევ თამაშობს და პარალელურად სამწვრთნელო საქმეს ეუფლება.
სწორედ ამიტომ, მისი პროფესიონალური მოსაზრება ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, საკმაოდ საინტერესო გამოდგა და Crystalsport-ისთვის მიცემულ კომენტარში მერებამ ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი „პარი სენ-ჟერმენის“ შანსები შემდეგნაირად შეაფასა:
„წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გველოდება. ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია, თუმცა ჩემი აზრით, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე, თასის მოგების უფრო კარგი შანსი „პარი სენ-ჟერმენს“ ექნება.
კვარასაც რომ თავი დავანებოთ, მიმაჩნია, რომ „სენ-ჟერმენს“ წინა ხაზში უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე „ინტერს“. თუმცა, ნერიაძურიმაც დაგვანახა „ბარსელონასთან“, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა საკმაოდ კარგად გამოსდის და კონტრშეტევებზე შავ-ლურჯებისგან დიდი ხიფათია მოსალოდნელი.
მე როგორც „ბარსელონას“ გულშემატკივარს, დიდი სურვილი მქონდა, რომ „პსჟ“-ის მეტოქე კატალონიური გრანდი ყოფილიყო, რადგან დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბი სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ახლა მთავარია, რომ კვარამ ჩემპიონთა თასი მოიგოს, გაახაროს მთელი საქართველო და გახდეს მეორე ქართველი, რომელიც ამ ტურნირზე გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ წარმატების შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ გახდება მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. კალაძემ წარმატებას „მილანის“ შემადგენლობაში 2003 და 2007 წლებში „იუვენტუსისა“ და „ლივერპულის“ დამარცხების შემდეგ მიაღწია.