„გალათასარაის მწვრთნელს სურს“ - თურქი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„გალათასარაი“ შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Haber-ის ჟურნალისტი, ვოლკან კილიჩი წერს.
მისი ინფორმაციით, გუნდში ქართველი ფორვარდის ხილვა მთავარ მწვრთნელს, ოკან ბურუქს სურს.
„ოსიმენის წასვლის შემდეგ ცენტრფორვარდის პოზიციაზე „გალათასარაიმ“ შესაძლოა ორი ვარსკვლავი მოიყვანოს. ერთ-ერთი მათგანი მიქაუტაძეა, მეორესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტიკა არაა. გარდა ამისა, კლუბი შესაძლოა დატოვოს ალვარო მორატამაც, რომელიც სტამბოლელებს „მილანიდან“ იჯარით ჰყავდათ დამატებული“.
ცნობისთვის, „გალათასარაი“ მიქაუტაძის გადაბირებას ზამთარშიც ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა, რის შემდეგაც კლუბმა მორატაზე შეაჩერა არჩევანი.
აქვე გეტყვით, რომ განვლილ სეზონში მიქაუტაძემ 17 გოლი და 11 საგოლე პასი დააგროვა და მომდევნო სეზონში „ლიონთან“ ერთად ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება „გალათასარაის“, ოკან ბურუქის გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.