საბა ლობჟანიძის საგოლე პასით | ატლანტამ ბოლო წუთებზე ორლანდოს მოუგო
საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის მორიგ ტურში საკუთარ კედლებში „ორლანდო სიტის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოუგო.
სტუმრები მე-4 წუთზე სესარ არაუხოს გოლით დაწინაურდნენ, ალექსეი მირანჩუკმა მე-19 წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა პირველი ტაიმი მაინც „ორლანდომ“ მოიგო - 32-ე წუთზე თავი რამირო ენრიკემ გამოიჩინა.
77-ე წუთზე სეზარ არაუხომ თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა, რის შედეგადაც „ატლანტამ“ 83-ე წუთზე ბარტოშ სლიშის გოლით ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე კი საბა ლობჟანიძის პასით ჯამალ თიარემ ჯორჯიელებს გამარჯვება მოუტანა.
საბა ლობჟანიძის საგოლე პასი
„ატლანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონი დეილამ საბა ლობჟანიძე 5-3-2 სათამაშო სქემაში, მარჯვენა განაპირა მცველის პოზიციაზე ათამაშა და მატჩის ბოლო წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 საგოლე პასი, 17-დან 13 ზუსტი პასი (76%), 2 საკვანძო პასი, 6-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 შექმნილი საგოლე მომენტი და 2 დარტყმა კარისკენ.
16 ტურის შემდეგ „ატლანტა“ 17 ქულით 22-ე ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუმრად „ნიუ იორკ რედ ბულსს“ დაუპირისპირდება, საბა ლობჟანიძე კი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ვილი სანიოლის გუნდთან ერთად ფარერის კუნძულებისა და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადება.