ზურიკო დავითაშვილით ტრაბზონსპორი დაინტერესდა
თურქული „ტრაბზონსპორი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
გამოცემა Taka Gazete-ს ცნობით, „სენტ-ეტიენის“ ლიგა 1-იდან გავარდნამ თურქულ კლუბს საქმე უნდა გაუმარტივოს.
„ზურიკო დავითაშვილი სწრაფი და გოლების გამტანი ფეხბურთელია, რომელსაც „ტრაბზონსპორი“ შეტევის მარცხენა ფლანგზე განიხილავს, თუმცა მას მარჯვენა ფლანგზე და „ათიანის“ პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელის ფასი საკმაოდ მაღალია და 10 მილიონ ევროს შეადგენს, „ტრაბზონსპორში“ 6 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ და იმედოვნებენ, რომ უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითებულ კლუბთან შეთანხმებას ამ თანხის ფარგლებში მიაღწევენ“.
ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 34 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ტრაბზონსპორში“ 6 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია - არჩილ და შოთა არველაძეებს, კახა კაჭარავას, ბესიკ ბერაძეს, გიორგი ნემსაძეს და გოჩა ჯამარაულს.