დელა მადალენა P4P-ის დებიუტანტია | UFC-ის განახლებული რეიტინგები
კანადის ქალაქ მონრეალში გამართული UFC 315-ის შემდეგ ორგანიზაციის რეიტინგებში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა P4P-ის რეიტინგის მე-9 პოზიციაზე მოხვდა. მისი მეტოქე ბელალ მუჰამედი 6 პოზიციით დაქვეითდა და მე-13 ადგილზეა. თითო ადგილით გაუარესდა შონ ომალისა და ჩარლზ ოლივეირას პოზიციები, არმან ცარუკიანი კი P4P-ის რეიტინგიდან ამოვარდა.
რაც შეეხება ქვესაშუალო წონის რეიტინგს, ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი პირველ პოზიციაზეა, რამაც შონ ბრედის, შავკატ რახმონოვის, ლეონ ედვარდსისა და კამარუ უსმანის თითო პოზიციით დაქვეითება გამოიწვია.
გადავიდეთ ქალ მებრძოლთა რეიტინგებზე: როგორც მოსალოდნელი იყო, ვალენტინა შევჩენკომ ტიტულის დაცვის შემდეგ შეინარჩუნა როგორც უმსუბუქესი წონითი დივიზიონის, ისევე ქალთა P4P-ის რეიტინგის პირველი საფეხური.
ნატალია სილვასთან მარცხის შემდეგ ალექსა გრასო P4P-ის რეიტინგში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა (-2), თავად სილვამ კი 5 პოზიციით წაიწია წინ და ახლა მე-8 ადგილზეა. იასმინ იასუდავიჩუსმა ჯესიკა ანდრადეს დამარცხების შემდეგ უმსუბუქესი წონითი დივიზიონის რეიტინგში 3 პოზიციით წაიწია წინ და მე-6 ადგილზეა.
ცნობისთვის, ქვესაშუალო წონის სატიტულო ჩხუბში დელა მადალენამ მუჰამედი დაამარცხა, ხოლო ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული ვალენტინა შევჩენკომ მანონ ფიოროსთან ჩხუბში დაიცვა.