როდის შედგება ოლივეირა VS თოფურია? | UFC 317-ის მთავარი მოვლენა ჯერჯერობით უცნობია
ბელალ მუჰამედის მარცხისა და ისლამ მახაჩევის ქვესაშუალო წონაში გადასვლის შემდეგ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს, როგორც ამაზე UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ისაუბრა.
მახაჩევის გადაწყვეტილებამ, არ დათმოს მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული, გამოიწვია ის, რომ თოფურიასა და ოლივეირას ან მთავარი კონტენდერის სტატუსითვის ან დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის მოუწევთ ბრძოლა. „დუ ბრონქსმა“ უკვე განაცხადა, რომ მზადაა კონტრაქტს ხელი მოაწეროს და „ელ მატადორს“ ეჩხუბოს.
თავის მხრივ, ილიასაც აქვს ნათქვამი, რომ მისი მეტოქე ან ისლამ მახაჩევი ან ჩარლზ ოლივეირა იქნებოდა, ახლა კი, როდესაც მახაჩევის ვარიანტი გამოირიცხა, სხვა არჩევანი ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს აღარ აქვს. თუმცა, საკითხავი ისიცაა, როდის შეიძლება შედგეს ეს ბრძოლა.
თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ილია ოქტაგონზე 28 ივნისს, UFC 317-ზე დაბრუნდებოდა და მისი ჩხუბი (მახაჩევთან ან ოლივეირასთან) ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნებოდა. ჯერჯერობით დანამდვილებით ისაა ცნობილი, რომ ნევადას შტატში გასამართ ღონისძიებაზე ქამარს უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა დაიცავს, მისი მეტოქე კი ახალზელანდიელი კაი კარა-ფრანსი იქნება, თუმცა მთავარი მოვლენა ამ ღონისძიებას ჯერჯერობით არ აქვს და ამ მხრივ ოლივეირა-თოფურიას ჩხუბს ალტერნატივაც გამოუჩნდა.
როგორც სოციალურ ქსელებში ქვემძიმე წონის ჩემპიონმა, მაგომედ ანკალაევმა დაწერა, მას UFC 317-ზე ალექს პერეირასთან რემატჩი შესთავაზეს. ანკალაევის თქმით, თუ პერეირა თანახმა არ იქნება, ის მზადაა, ნებისმიერ სხვა მებრძოლს ეჩხუბოს და ჩემპიონის ქამრის პირველი დაცვა გამართოს.