„თავდადების გარეშე ვერ გავიმარჯვებთ“ - ინძაგის და ბასტონის პრესკონფერენცია
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ინტერი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ და ფეხბურთელმა, ალესანდრო ბასტონიმ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სიმონე ინძაგი:
„ამ მატჩის მნიშვნელობის კარგად გვესმის. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში გვჭირდება, ისეთი, როგორიც პირველ მატჩში იყო. გვჭირდება, რომ მოედანზე ყურადღებიანი და გონიერი ინტერი იყოს. გუნდს საკუთარი თავის სჯერა, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და ამ მატჩს მოუთმენლად ელიან“.
„უნდა ვეცადოთ, რომ იამალს ბურთი რაც შეიძლება ნაკლებად მივცეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ის ორმაგი ყურადღების ქვეშ იქნება და მის ყველა მოძრაობას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ვეცდებით, თავი უშეცდომოდ დავიცვათ. ის ნამდვილად საშიშია და ბურთს ყველა მას აძლევს. მისმა სწრაფმა აზროვნებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოვლთვის იცის, როგორ უნდა ითამაშოს“.
„ითამაშებს თუ არა ლაუტარო? ამას ხვალ, პერსონალთან ერთად გადავწყვეტ. მათ უნდა მითხრან როგორ იგრძნობს თავს. ლაუტაროს ბარსელონასთან მატჩის შემდეგ არ უვარჯიშია და ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა დღევანდელ ვარჯიშზე“.
ალესანდრო ბასტონი:
„ბარსელონას ბევრი თამაში ვნახეთ, მაგრამ უშუალოდ მათ წინააღმდეგ თამაში საერთოდ სხვა სირთულეებთან ასოცირდება. პირველ შეხვედრაში პასების დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რამაც საგოლე შანსები გამოიწვია. ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი თამაშიდან ბევრს ვისწავლით. ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე შესაძლოა, ორი თამაში გვაშორებს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
„თავდადებულად უნდა ვითამაშოთ, რადგან ბარსელონას თამაშს თავს მხოლოდ ასე გავართმევთ. ასეთ მომენტებში „ნერაძურის“ ყველა გულშემატკივრის მხარდაჭერა იქნება საჭირო. გულშემატკივრები უნდა გაგიჟდნენ, ჩვენ კი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ტურნირის დაწყებამდე, ფავორიტებში არავინ მოგვიაზრებდა, მაგრამ დღეს აქ ვართ და ფინალში გასვლის შანსი გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.