გოგა ბითაძისთვის სეზონი დასრულდა | ორლანდო ბოსტონთან განადგურდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისთვის“ NBA-ის მიმდინარე სეზონი დასრულდა. პლეიოფის პირველ რაუნდში, ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი, „ბოსტონ სელტიქსი“ გახლდათ და „ორლანდომ“ სერია 1:4 წააგო.
მეხუთე შეხვედრა „ბოსტონის“ საშინაო არენაზე გაიმართა. „მეჯიქმა“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა - 49:47. თუმცა, მეორე ნახევარში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. „სელტიქსმა“ მესამე პერიოდი 36:13 მოიგო, მეოთხე - 37:27 და საბოლოოდ, 120:89 იმარჯვა.
ბითაძემ პარკეტზე 2 წუთი და 23 წამი გაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. გოგას გუნდში ყველაზე მეტი, 25 ქულა ფრანც ვაგნერმა დააგროვა. პაოლო ბანკერომ 19 ქულა მიითვალა. „ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 35 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. ჯეილენ ბრაუნმა 23 ქულა გააკეთა.
ამრიგად, „სელტიქსი“ მეორე რაუნდში გავიდა და „ნიუ იორკ ნიქსისა“ და „დეტროიტ პისტონსის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. „ნიქსი“ 3:1-ს იგებდა და შეეძლო, სერია საკუთარ კედლებში დაეხურა, მაგრამ დამარცხდა და მომდევნო შეხვედრა „პისტონსის“ საშინაო არენაზე გაიმართება.