„საოცარი გრძნობაა, სიტყვებით ამას ვერ გადმოვცემ“ - ბუდუ ნაკრებში თამაშზე
„ჰაიდენჰაიმის“ ქართველმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძის საკლუბო ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ოჯახზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე:
„ქართველებისთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა. გამონაკლისი არც მე ვარ - ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ისინი ყოველთვის მამხნევებენ და მხარს მიჭერენ. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ჩემი ქალიშვილი კი ენერგიას მაძლევს, როდესაც ვარჯიშიდან დაღლილი ვბრუნდები. როცა სახლში ვბრუნდები და კარს ვაღებ, ის მაშინვე ჩემთან მორბის. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი გვერდით მყავდეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისინი კარლსრუეში ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ჯერ აქ ბინა არ მქონდა. ახლა ისევ ერთად ვცხოვრობთ და ეს ჩემს თამაშზეც აისახა - როგორც კი ჩამოვიდნენ, მაშინვე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გავიტანე.
გასული წელი საქართველოსთვის წარმოუდგენელი იყო. ჩვენი ნაკრები პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ პორტუგალიას 2:0 მოვუგეთ და პლეიოფშიც გავედით. საქართველოში ხალხი ქუჩებში იყო გასული და ზეიმობდა ამ წარმატებას. უახლოეს მატჩებზე ისევ გამომიძახეს ნაკრებში და ყოველ ჯერზე, როდესაც ეროვნული გუნდის მაისური მაცვია, სიამაყით ვივსები, იმიტომ რომ ეს ჩემი ოცნება იყო. წარმოადგენდე შენს ქვეყანას, ეს საოცარი გრძნობაა. სიტყვებით ამას ვერ გადმოვცემ“.
ცნობისთვის, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუედან“ „ჰაიდენჰაიმში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. ბუნდესლიგაში ბუდუმ უკვე 10 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.