„მშენებლობიდან UFC-ის ჩემპიონობამდე: მერაბის მოკრძალებული მოგზაურობა
ამერიკულმა მსოფლიო მედიაგიგანტმა CNN-მა, კერძოდ კი მისმა სპორტულმა განყოფილებამ, მერაბ დვალიშვილზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მებრძოლის განვლილი გზა მიმოიხილეს - როგორ მიაღწია „მანქანამ“ მწვერვალს.
„მერაბ დვალიშვილი ყველაზე მეტად თავისი ამოუწურავი კარდიოთი და ოქტაგონს შუა ცოცხალი ღიმილით არის ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ UFC-ის მებრძოლებისთვის ჩხუბის წინა წუთები ყველაზე მეტად ნერვების დამშლელი რამაა, დვალიშვილისთვის ეს ყველაზე მშვიდი დროა.
„მე მიყვარს ჩხუბი და ოქტაგონი არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. ამ დროს მე თითქოს სახლში ვარ და ვისვენებ, ულამაზესი ხედით ვტკბები“,
- ამბობს ქართველი მებრძოლი.
გასული წლის სექტემბერში დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით შონ ომალი დაამარცხა.
უკვე იანვარში დვალიშვილმა ტიტულის დასაცავად უმარ ნურმაგომედოვთან იჩხუბა.
„არანაირი პრობლემა არ მქონია. ჩემს თავში ვგრძნობდი ყველაფერს. იყო მომენტები როცა ის დავიჭირე, მაგრამ თავის დაღწევის უფლება მივეცი. შემდეგ დარტყმა დავუპირე, რა დროსაც ტანის არეში საპასუხო დარტყმა მომაყენა, ძალიან სულელურად ვიმოქმედე. რატომ მივეცი მას ამის უფლება?“
- ამბობდა დვალიშვილი CNN-თან საუბრისას.
თუმცა, საბოლოოდ დვალიშვილმა ბრძოლა მოიგო და ის გახდა მეორე თავისი სამშობლოდან ვინც ამის გაკეთება შეძლო.
„ქამრის მოგება მხოლოდ ერთხელ მინდოდა. ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც მე ჩემპიონი ვარ“.
- ამბობდა 34 წლის მებრძოლი.
მოკრძალებული მოგზაურობის დასაწყისი
დვალიშვილი საბრძოლო სცენაზე ახალგაზრდობიდანვე გამოჩნდა.
„ბრძოლა ჩემს დნმ-შია. მე საქართველოდან ვარ და ქართველი ხალხი მეომრები ვართ“.
- თქვა მან.
2012 წელს მერაბი ამერიკაში გაემგზავრა, რათა ახლადშობილ, მაგრამ პერსპექტიულ MMA-ში ძალები გამოეცადა, რადგან თავის სამშობლოში ის 9 ბრძოლაში დაუმარცხებელი დარჩა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში მოხვდა და მან ინგლისური არ იცოდა, მიხვდა, რომ UFC-ში მიმავალი გზა ადვილი არ იქნებოდა.
„მე MMA-ს სპორტდარბაზი ვერც კი ვიპოვე. ბრძოლა მინდოდა და დარბაზიც კი ვერ ვიპოვე“.
- ამბობს მერაბი.
დვალიშვილმა ამასობაში ვარჯიში კრივში და კიკბოქსინგში დაიწყო. 2013 წელს თავის ამჟამინდელ MMA-ს გუნდს Serra-Longo-ს დაუკავშირდა. მაგრამ მწვერვალისკენ მისი მოგზაურობა წარმატებით არ დაწყებულა.
მან პირველივე ორთაბრძოლა დათმო. შემდეგ იყო მეორე და გამარჯვება, თუმცა მესამე ჯერზე დვალიშვილმა კვლავ მარცხი იწვნია და თავისი მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.
„ვფიქრობდი, თუ (სერა-ლონგო) ჩხუბს პატარა ორგანიზაციაში მომცემს და მე წავაგებ, მაშინ UFC-ში როგორ მოვხვდები?“
- იხსენებს მერაბი, რომელიც MMA-ში თავის მომავალში დარწმუნებული არ იყო, მაგრამ ვარჯიშს მაინც განაგრძობდა. პარალელურად კი ის მშენებლობაზე მუშაობდა და ამ ყველაფრის დაბალანსებას ცდილობდა.
„ბრძოლისგან პაუზის აღებაზე ვფიქრობდი. იცხოვრე ისე, როგორც ნორმალური ხალხი ცხოვრობს. იმუშავე მშენებლობაზე, დაბრუნდი სახლში, უყურე ტელევიზორს, შაბათ-კვირას წადი რესტორანში, იარე კლუბებში, გოგოებთან ერთად გაერთე. იპოვე შენი მომავალი მეუღლე, დაქორწინდი და შესაძლოა შვილებიც გაზარდო“.
- ამბობს დვალიშვილი CNN-თან საუბრისას.
დვალიშვილმა თავისი ჭეშმარიტი მოწოდების ხელახალი გაანგარიშების მცდელობისას სპორტისგან დაისვენა. ცდილობდა ეცხოვრა „ნორმალური“ ცხოვრებით. მაგრამ ამ ყველაფერმა მას მხოლოდ ის აჩვენა, რაც აკლდა.
„შემდეგი ორი თვე ვცდილობდი სამსახურიდან სახლში დავბრუნებულიყავი, მეყურებინა ტელევიზორისთვის, მაგრამ ეს სისულელე იყო. მე ბედნიერი არ ვიყავი. ვცდილობდი რესტორნებში, კლუბებში წავსულიყავი. სახალისო იყო დიახ, მაგრამ ის არ იყო, რაც მე მინდოდა“.
- ამბობს მერაბი.
„იმ მომენტში მივხვდი, არ მაინტერესებს, წავაგებ თუ არა ბრძოლას. მე მიყვარს ეს საქმე, უბრალოდ მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი გავცე რაც შემიძლია“.
ეს დვალიშვილისთვის ნათლობასავით იყო, მომავლის შემცვლელი მომენტი, მაგრამ ამას მისი მოგზაურობა არ გაუადვილებია. მან განაგრძო ვარჯიშთან ერთად მშენებლობაზე მუშაობაც, სანამ თავის მომენტს არ დაიჭერდა.
მერაბი ამბობს, რომ ვარჯიშისთვის იგი გაცილებით მეტ ფულს ხარჯავდა, ვიდრე ბრძოლიდან გამოიმუშავებდა.
თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, დვალიშვილი ოქტაგონზე ზედიზედ 6 გამარჯვებით დაბრუნდა, რათა UFC-ის რადარზე მოხვედრილიყო. მან საწადელს მიაღწია და საოცნებო კონტრაქტიც გააფორმა. თავის საოცნებო ბრძოლაში პირველივე რაუნდში უკანა მუშტის დარტყმის შედეგად, დაუმარცხებელი რაუფეონ სტოცი გათიშა.
„ეს იყო ჩემი ცხოვრების შემცვლელი მომენტი, რადგან ძალიან დავიღალე მშენებლობაზე მუშაობით. ცვლილებები მინდოდა. ეს იყო ჩემი მომენტი და ვიცოდი, რომ მძიმე ბრძოლა მომიწევდა, შესაბამისად ძალიან კონცენტრირებული ვიყავი“.
მომავალი
ამის შემდეგ დვალიშვილი UFC-ის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მან ზედიზედ 12 ბრძოლა მოიგო და გზად უამრავი ცნობილი სახელი დაამარცხა. 4 ყოფილი თუ მოქმედი ჩემპიონი - ჟოსე ალდო, პეტრ იანი, ჰენრი სეხუდო და შონ ომალი.
ომალისთან გამარჯვებამ მას საჩემპიონო ქამარი მოუტანა, რომელიც იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან წარმატებით დაიცვა. დიახ, UFC-ის ყოფილი ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის წინააღმდეგ, არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
2025 წელს დვალიშვილმა თქვა, რომ სურს იყოს აქტიური და წელიწადში 4-ჯერ იჩხუბოს. ვინ შეხვდება მას შემდეგ ჯერზე, ჯერჯერობით უცნობია.
„ვეგასში დავბრუნდები სამუშაოდ მზად. მე წესრიგში ვიქნები, სრულ მზადყოფნაში, მოტივირებული და დაველოდები, რომელ მებრძოლს მომცემს UFC“.