მოლაპარაკებების ახალი რაუნდი კვარას კონტრაქტზე | ჯუღელი იტალიაში ჩავიდა
ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის თქმით, „ნაპოლი“ „კვარას“ გაშვებას არ გეგმავს და კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მალე შეხვედრა გაიმართება.
დი მარციოს ცნობით, მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავიდა და „პარტენოპეის“ წარმომადგენლებთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. სავარაუდოდ, შეხვედრა უახლოეს საათებში ან ხვალ გაიმართება.
Nuovo incontro in programma tra il #Napoli e l'agente di #Kvaratskhelia https://t.co/zZsbJtpuKJ
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) July 3, 2024
ნიკოლო შირას მიხედვით, „ნაპოლისთვის“ ქართველი ფეხბურთელი ხელშეუხებელია. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა მას 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებასა და 5.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს შესთავაზებს. არის შანსი, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტიც ჩაიდოს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული და უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ ფრანგებმა „ნაპოლის“ წინადადებითაც მიმართეს. „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ისინი უარით გაისტუმრა და მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ახალ თავკაცს, ანტონიო კონტეს, რომელსაც ხვიჩას შენარჩუნება სურს, ასიამოვნოს.