გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია - მამარდას შთამბეჭდავი სტატისტიკა

„ვალენსიას'' ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. „ღამურების'' ოფიციალური ვებგვერდი მამარდასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ:

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა სამი პენალტი მოიგერია, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია, ამ სეზონში მსგავსი სტატისტიკა სხვას არავის დაუფიქსირებია. მეორე ადგილზე უნაი სიმონია ორი მოგერიებული პენალტით. ამ სეზონში მამარდას 5 პენალტი დაურტყეს და 3 მოიგერია. მან „ალავესის'' ფორვარდ კიკე გარსიას, „ვილიარეალის'' ნახევარმცველ ალექს ბაენასა და „ოსასუნას'' ფორვარდს, ანტე ბუდიმირს აუღო.

მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32-დან 12 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, „მესტალიაზე’’ 9 მატჩსა და გასვლაზე 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

მამარდამ ლა ლიგის ზედიზედ 69 შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, რაც „ვალენსიას'' ისტორიაში მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია.

ასევე გეტყვით, რომ მამარდას რიკარდო ზამორას პრიზის მოგების რეალური შანსი აქვს. ამ ეტაპზე ზამორას პრიზისთვის ბრძოლაში უნაი სიმონი ფავორიტია, 30 მატჩში 27 გოლი გაუშვა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0,9 გოლს უშვებს. გასულ ტურამდე მეორე ადგილზე ალექს რემირო იყო, რომელიც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 1 გოლს უშვებდა, მაგრამ რემირომ „ალმერიასთან'' 2 გოლი გაუშვა და ახლა მისი საშუალო კოეფიციენტი 1,03-ს შეადგენს. რემიროსგან განსხვავებით მამარდამ გოლი არ გაუშვა და თუ „ოსასუნასთან’’ შეხვედრამდე საშუალოდ ერთ მატჩში 1,1 გოლს უშვებდა, ახლა კოეფიციენტით რემიროს გაუთანაბრდა - 1,03. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები