დანიელე დე როსი, ევან ნდიკა
Aa
Aa

უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრა „უდინეზე“ – „რომა“72-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი სტუმართა ფეხბურთელის ევან ნდიკას შეუძლოდ გახდომაა - „ჯალოროსოს“ 24 წლის კოტ დ’ივუარელმა მცველმა მატჩის 70-ე წუთზე ჯერ გულზე ხელი ორჯერ მიიდო, შემდეგ კი დაეცა, რის შემდეგაც მთავარმა არბიტრმა ლუკა პაირეტომ თამაში შეაჩერა.

„რომას“ აფრიკელი ლეგიონერი მაშინვე საკაცით გაიყვანეს და დედაქალაქური კლუბის მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი გასახდელში ჩავიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ დე როსი მის ვიზავის, „უდინეზეს“ მთავარ მწვრთნელს გაბრიელე კოფის გაესაუბრა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მატჩის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ. მომხდარის გამო მინდორზე მყოფი დანარჩენი მოთამაშეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ არბიტრმა და შეხვედრის დირექტორმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს.

ნდიკა „რომას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და სამედიცინო შემოწმების გავლისას გულთან დაკავშირებული არანაირი პრობლემები არ ჰქონია. ფეხბურთელი ქალაქ უდინეში მდებარე სანტა-მარიას კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა რამდენაც შეძლებს კარიერის გაგრძელებას, ჯერჯერობით რთული სათქმელია. „უდინეზე“ – „რომას“ მატჩი კი როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, 72-ე წუთიდან განახლდება იმ ანგარიშით (1-1), რაც იმ დროისთვის ტაბლოზე იყო დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაგედია ბოლივიაში - ფეხბურთელი ვარჯიშისას გარდაიცვალა
ტრაგედია ბოლივიაში - ფეხბურთელი ვარჯიშისას გარდაიცვალა