საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, კახა კალაძე
Aa
Aa

„მოქალაქეები შეძლებენ, რომ ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ“ - კახა კალაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებს რაც შეიძლება ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება.

კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთების ტარიფის დასტაბილურებას ეხება და აღნიშნა, რომ უახლოეს ყველაფერში ტარიფები ოფიციალურად დაზუსტდება.

რას ამბობს კალაძე:

„როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია, ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის შესახებ, რაც ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცეს, ჩავიდეს და სტადიონზე დაესწროს თამაშებს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოქალაქეები შეძლებენ, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ“.

„როგორც ვიცი, ტარიფების მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და დამატებით ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს. იმედი მაქვს, რომ გერმანიის ქალაქებში, სადაც ჩვენი ნაკრების შეხვედრები გაიმართება, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა, ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივროთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებთან გამართავს. 22 ივნისს ჩვენი გუნდი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია