გიორგი მამარდაშვილი, ტიბო კურტუა, იან ობლაკი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

მამარდაშვილი ვალენსიას ევროსაგზურს უნაღდებს - სტატია ქართველ მეკარეზე

ცნობილმა გამოცემა Plazadeportiva-მ მიმდინარე სეზონში „ვალენსიასა“ და მისი ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის წარმატებულ თამაშს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მატჩების უმეტესობა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 23 წლის გოლკიპერმა საკუთარი კარი მშრალად შეინახა, „ღამურების“ გამარჯვებით დასრულდა, რაც გუნდს ბოლომდე უნარჩუნებს შანსს, რომ მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლოს, ეს კი რომელიმე ევროპულ საკლუბო ტურნირზე გასვლის გარანტია იქნება.

იმ თერთმეტი შეხვედრიდან, რომელშიც მამარდაშვილს ბურთი არ გაუშვია, რვა „ვალენსიამ“ მოიგო. გიორგიმ მშრალად კარი „ლას პალმასთან“, „ატლეტიკოსთან“, „კადისთან“, „გრანადასთან“ (2-ჯერ), „სელტასთან“, „ბილბაოსთან“, „სევილიასთან“, „ხეტაფესთან“, „მალიორკასთან“ და „რაიოსთან“ შეინახა. ჯამში ამ თერთმეტ შეხვედრაში „ღამურებმა“ 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 27 ქულა დააგროვეს. მიმდინარე ლა ლიგაში ამ მხრივ „ვალენსიასა“ და მის ქართველ კიპერზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ოთხ კლუბს, „რეალს“ (15 მშრალი მატჩი), „ბილბაოს“ (15), „ბარსელონასა“ (13) და “სოსიედადს“ აქვს.

ასეთი წარმატებული გამოსვლა გახდა იმის საწინდარი, რომ ამ ეტაპზე გიორგი ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა - მისი სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს და მეორე-მეოთხე ადგილებზე მყოფ „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ გოლკიპერებს, ტიბო კურტუას, იან ობლაკისა და მარკ-ანდრე ტერ შტეფენის ღირებულებას ხუთი მილიონით აღემატება.

ოცდაათი ტურის შემდეგ „ვალენსია“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, იმ პოზიციაზე, რომელიც კლუბს გაისად კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის საშუალებას მისცემს. მომდევნო ტურში გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ორშაბათს, 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათ არასდროს ცვლიან - ლა ლიგა მამარდას შთამბეჭდავ სტატისტიკაზე
მათ არასდროს ცვლიან - ლა ლიგა მამარდას შთამბეჭდავ სტატისტიკაზე