ვილი სანიოლის უნიკალური მიღწევა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ისტორიაში შევიდა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ერთი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ის ერთადერთი ფრანგი სპეციალისტია ისტორიაში, რომელმაც უცხო ქვეყნის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. მომავალ კონტინენტის პირველობაზე მისი და დიდიე დეშამის სახით, რომელიც „სამფეროვნებს“ ამზადებს, მხოლოდ ორი ფრანგი მწვრთნელი იქნება წარმოდგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონატებსაც მივიღებთ მხედველობაში ფრანგებს ფინალურ ეტაპზე ბევრი ქვეყნის ნაკრები გაუყვანიათ და წარმატებისთვისაც მიუღწევიათ, ევროპის პირველობაზე კი არასოდეს. ბოლო მაგალითი ერვე რენარი და მისი საუდის არაბეთია, რომელმაც 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლეო მესის არგენტინა დაამარცხა. ბრუნო მეციუმ კი 2002 წლის მსოფლიოს პირველობის გახსნით მატჩში სენეგალის ნაკრებთან ერთად თანამემამულე მოქმედი ჩემპიონები, ფრანგები სენსაციურად, 1-0 დაამარცხა.
სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 15 თებერვლიდან მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით არნახულ წარმატებას მიაღწია. ვილის მწვრთნელობის პერიოდში გამართული 33 მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 16 მოიგეს, 5 ფრედ დაამთავრეს და 12 წააგეს.