მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

აიაქსში ტრანსფერისთვის მზად არ იყო - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

„მეცის’’ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ „მონაკოსთან’’ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. Twitter-ში გვერდი TEAM GRENAT-ი პრესკონფერენციიდან იმ მონაკვეთს გვთავაზობს, რომელიც ქართველ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ეხება.

ლასლო ბოლონი:„გავიხედოთ უკან, ვფიქრობ მიქაუტაძე „აიაქსში’’ ტრანსფერისთვის მზად არ იყო, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. მან „აიაქსში’’ დრო დაკარგა''.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ამსტერდამის „აიაქსმა'' ქართველი ფორვარდი 16 მილიონ ევროდ შეიძინა (ბონუსებით 19 მილიონი), თუმცა ნიდერლანდურ კლუბში ნახევარ სეზონში მხოლოდ 339 წუთი ითამაშა. მას ფორვარდის პოზიციაზე თითქმის არ აყენებდნენ. გარდა ამისა, მეტწილად სკამზე იჯდა, არ ათამაშებდნენ და ის მინიმალური სათამაშო დრო ვერ გამოიყენო იმისთვის, რომ თუნდაც 1 გოლი გაეტანა.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში გიორგი მიქაუტაძემ ლუქსემბურგთან სასტარტოში ითამაშა, ფინალში საბერძნეთთან სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა და პენალტების სერიაში არაზუსტად დაარტყა.

ლასლო ბოლონი:„სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელების მენტალურ მომზადებაზე განსაკუთრებულად ვარ ფოკუსირებული. სხვა ატმოსფეროში იყვნენ და ახლა სხვა გარემოში არიან''.

რაც შეეხება ფრანგულ კლუბს, „მეცის'' მიზანი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, 18-გუნდიან ჩემპიონატში 23 ქულით მე-17 ადგილზეა, „ნანტი'' 25 ქულით მე-16 ადგილზეა, „ლორიენი'' 26 ქულით მე-15 ადგილს იკავებს. მე-18 და მე-17 პოზიციაზე გასული გუნდები ელიტიდან გავარდებიან, მე-16 ადგილოსანი ფლეი-ოფის გზით ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძოლებს.

30-ე ტურში „მეცი'' მეოთხეადგილოსან „მონაკოს'' მიიღებს (30 მარტი, 20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები