თემურ ქეცბაია, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან სამწუხაროა, ასე რომ ხდება“ - კვიპროსში ქეცბაია გაანაწყენეს

თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე კვიპროსის ნაკრების ქართველ დამრიგებელს პრესკონფერენცია უნდა გაემართა, თუმცა, ქეცბაიას საუბრის მოსასმენად ადგილობრივი ჟურნალისტები არ მივიდნენ, რამაც 56 წლის სპეციალისტი გაანაწყენა

თემურ ქეცბაიამ მოკლე კომენტარი გააკეთა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია მაშინვე დასრულდა.

რა თქვა ქეცბაიამ:

სანამ თამაშის შესახებ ვისაუბრებ, ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა ჟურნალისტები რომ არ მოვიდნენ. გარედან ყოველთვის გვესმის კრიტიკა, ყოველი მატჩის შემდეგ არის კითხვები, შეშფოთება და კიდევ ათასი რამ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აქ, პრეს-დარბაზში მოსულიყვნენ, გააკეთეს ის, რაც პირველ მატჩში არ გამოუვიდათ. არ ვიცი, მოვლენ თუ არა თამაშის შემდეგ, ეს სხვა საკითხია, თუმცა, სამწუხაროა.

სერბეთის წინააღმდეგ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. რთული თამაში გველის ძლიერ გუნდთან. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ და მათ წინააღმდეგ გამოსვლა ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. ლატვიასთან შედეგი არ არის ის, რასაც ვისურვებდით, რადგან უნდა მოგვეგო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი არა. რთული მატჩი გველოდება, თუმცა, ეს შეხვედრა ახალი სახეებისა და ახალი ძალის მოსინჯვის შესაძლებლობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. კვიპროსის ნაკრებმა ქეცბაიას ხელმძღვანელობით 15 მატჩი ჩაატარა, აქედან 3 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 2 ფრედ ითამაშა და 10 შეხვედრაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები