გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი მიქაუტაძის მეცში? - კლუბი კრიზისიდან გამოსავალს ეძებს

საფრანგეთს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „მეცის’’ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონი შესაძლოა მოხსნან და რუმინელი სპეციალისტი სტეფან დიუმონმა შეცვალოს. ინფორმაციას Footmercato ავრცელებს. 41 წლის სტეფან დიუმონი 2022 წლიდან „გენგამის’’ მთავარი მწვრთნელია. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მისი გაწვრთნილი „გენგამი’’ 36 ქულით მე-11 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 6 ქულით ჩამორჩება. დიდი ალბათობით, „გენგამი'' ლიგა 1-ში ვერ აღზევდება, დიუმონისთვის „მეცი'' საინტერესო ვარიანტია, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბოლონის გაუშვებენ.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 24 ტურის შემდეგ „მეცი'' 18 გუნდს შორის 20 ქულით მე-17 ადგილზეა, მე-16 პოზიციაზე მყოფ „მონპელიეს'' 3 ქულით ჩამორჩება, მე-15 ადგილზე მყოფ „ლე ავრს'' - 4 ქულით. მე-18 და მე-17 ადგილზე გასული კლუბები ლიგა 2-ში გავარდებიან, მე-16 ადგილოსანი გადათამაშების გზით ელიტაში დარჩენის შანსს შეინარჩუნებს.

„მეცის’’ მოქმედ მთავარ მწვრთნელს, ლასლო ბოლონის გიორგი მიქაუტაძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მიქაუტაძე გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად დარჩება.

გასულ ზამთარში „აიაქსიდან’’ „მეცში’’ იჯარით დაბრუნდა და მაშინ გიორგიმ შემდეგი რამ თქვა: „ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ლასლო ბოლონისთან ვიმუშავებ. ჩვენ მამაშვილური კავშირი გვაქვს, ბევრს მესაუბრება და რჩევებს მაძლევს’’.

ლიგა 1-ში ბოლო ორი მატჩიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ქართველი ფორვარდი ფორმაში შედის, ჯერ „ლიონს’’ შეუგდო, შემდეგ კი „ნანტთან’’ პენალტი გაიტანა და შემდეგ მისი საგოლე პასით უდოლმა შეაგდო. 23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონი „მეცში'' დაიწყო, შემდეგ „აიაქსმა'' იყიდა და წარუმატებელი ნიდერლანდური პერიოდის შემდეგ „მეცს'' დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსში'' გატარებული პერიოდი მასზე ძალიან ცუდად აისახა, არ ათამაშებდნენ და ფორმიდან „ამოვარდა'', ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე პასია, რაც აუტსაიდერი გუნდის ფორვარდისთვის კარგი სტატისტიკაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები