თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, ალეკსანდარ ჯიკიჩი, ჯო ტომასონი
Aa
Aa

წარუმატებელი სტარტი | საქართველო დანიასთან სტუმრად დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დანიასთან გამართა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და სტუმრად დამარცხდა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის ბიჭებმა მატჩი კარგად დაიწყეს და 9:2 გაიქცნენ. მასპინძლებმა ტაიმაუტის შემდეგ, ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ქართველებმა პირველი მეოთხედის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარეს და საწყისი ათწუთეული 23:12 მოიგეს.

მეორე მეოთხედი ქულა-ქულაში წარიმართა და მასპინძელთა მაქსიმუმი ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება აღმოჩნდა. ქართველებმა პირველი ტაიმი 37:28 მოიგეს და მეორე ნახევარს 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. მესამე მეოთხედში დანია უკეთ გამოიყურებოდა. ათწუთეულის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მათ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს, საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრები გადამწყვეტი პერიოდის წინ 53:50-ს იგებდა.

დანიამ თამაშში გარდატეხა ბოლო ათწუთეულში შეიტანა. ჯიკიჩის ბიჭებს გადამწყვეტ მეოთხედში რვა დაკარგვა ჰქონდათ, საკუთარ ფარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ვერ მოხსნეს და მეოთხე მეოთხედი 16:25, მატჩი კი 69:75 დათმეს.

საქართველოს ნაკრების მაისურით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯო ტომასონმა სადებიუტო შეხვედრაში 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძეს 11 ქულა ჰქონდა, გიორგი ცინცაძეს - 7. დანიას იფე ლუნდბერგმა ულიდერა - 19 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი. კევინ ლარსენს 13 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში სერბეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე