ლაიპციგი VS რეალი - მატჩის წინ
Aa Aa
12 თებერვალი 2024  |  18:43

ლაიპციგი VS რეალი - მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისა“ და „ლაიპციგის“ დაპირისპირებით უბრუნდება. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ჯგუფური ეტაპი - „რეალი“

კარლო ანჩელოტის გუნდმა 2023/2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა. მადრიდის „რეალმა“ 6-დან ექვსივე მატჩი მოიგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსის“ მეტოქეები, „ნაპოლი“, „ბრაგა“ „უნიონ“ ბერლინი იყვნენ.

ჯგუფური ეტაპი - „ლაიპციგი“

შეიძლება ითქვას, რომ „რედ ბულის“ კლუბს ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდა. მარკო როზეს შეგირდებმა 6-დან 4 მატჩი მოიგეს და მხოლოდ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდნენ. „ლაიპციგმა“ „იანგ ბოიზი“ და „ცრვენა ზვეზდა“ არ დაინდო.

შიდა ჩემპიონატი

მადრიდული გრანდი ლა ლიგაში ბრწყინავს და თამაშს თამაშზე იგებს. ლა ლიგის გასულ ტურში „რეალმა“ უშუალო კონკურენტს „ჟირონას“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. თავისი მატჩი ვერ მოიგო „ბარსელონამ“ და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ბლანკოსი“ 61 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ „ჟირონას“ 5 ქულით გაასწრო. მესამე ადგილზე კი 51 ქულით „ბარსელონაა“.

რაც შეეხება „ლაიპციგს“, მარკო როზეს გუნდი ევრო ტურნირებისთვის იბრძვის. გასულ ტურში „ლაიპციგი“ „აუგსბურგს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „რედ ბულის“ გუნდი 37 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულთან 3 ქულა აშორებს.

დანაკლისი:

ამ მხრივ მადრიდის „რეალს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ტრავმების გამო გუნდს ტიბო კურტუა, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა, ანტონიო რუდიგერი და ჯუდ ბელინგემი არ ეყოლება. გერმანელთა მხრიდან კი მატჩში მონაწილეობას მხოლოდ ჰაიდარა ვერ მიიღებს.

რა თქვა როზემ მატჩის წინ?

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვეშინია! მოუთმენლად ველოდები მეტოქეს, დავალებებს და სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს. სწორედ ამ ყველაფრისთვის ვიმუშავეთ გასულ სეზონში და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.

მადრიდის „რეალი“ ამ სეზონში საოცრად განვითარდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად იქცა. ისინი ყველა ასპექტში დიდებულ ფორმაში იმყოფებიან. მათ იციან რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მისი მოგებაც.

კარგად ვიცი მათი თვისებების შესახებ და ამავდროულად ჩვენ ცუდი გუნდი არ ვართ. „ლაიპციგში“ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ. ყველაფერს გავცემთ და ვეცდებით, რომ კარგი დასაწყისი გვქონდეს.“

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ:

მოტივაცია ყოველთვის მაღალია, რადგან ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია მასში არსებული ისტორიის გამო. ხვალიდან ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ამ ტურნირისთვის, ისე, როგორც ყოველთვის.

გუნდი კარგ ფორმაშია, კარგად ვთამაშობთ, რის გამოც მოტივირებულ და აღფრთოვანებულები ვართ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების გამო. ეს შეჯიბრი ძალიან მოგვწონს. ჩვენ მაღალი ხარისხის მეტოქესთან მოგვიწევს წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ინტენსიურად თამაშობს. მზად უნდა ვიყოთ ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოსავლენად როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

არ ვიცი, არის თუ არა ეს სეზონი საუკეთესო ჩემს კარიერაში. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია, რადგან სეზონში მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. გვყავს საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული გუნდი, სადაც შესანიშნავი ატმოსფეროცაა. ამაში თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის წვლილი. ყველა სირთულის გათვალისწინებით, სეზონის ამ ეტაპზე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ. ფეხბურთელების ოსტატობის წყალობით საუკეთესო დონეზე მიღწევა შევძელით.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. „რეალი“ და „ლაიპციგი“ გასული წლის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი მადრიდში გაიმართა და „სამეფო კლუბმა“ 2:0 მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 13 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო: “რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს?“
პოჩეტინო: “რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს?“