საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

მისი თამაშით ბედნიერი ვარ - იურიჩმა საზონოვი შეაქო

„ტორინოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „სალერნიტანასთან’’ მატჩის შემდეგ გუნდის ქართველ ცენტრალურ მცველზე, საბა საზონოვზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში საბამ 3 ცუდი პასი გააკეთა, იურიჩი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ივან იურიჩი: „რიკარდო როდრიგესმა ტრავმა მიიღო, მისი შეცვლა ადვილი არაა, მაგრამ მასინა თამაშში მნიშვნელოვანი სულისკვეთებით შემოვიდა.

ბუონჯორნო და როდრიგრესი ტრავმირებულნი არიან, ვერ გვეხმარებიან, მაგრამ საზონოვისა და მასინას თამაშით ბედნიერი ვარ. საზონოვმა ძალიან კარგად ითამაშა, მას განვითარება შეუძლია.

იმედი მაქვს, რიკარდო როდრიგრესს სერიოზული პრობლემა არ ექნება და მალე დაგვიბრუნდება’’.

საბა საზონოვი „ტორინოს'' სასტარტოში მეორედ „სალერნიტანასთან'' მოხვდა, მე-80 წუთზე შეცვალეს. პირველად სასტარტოში „ვერონასთან'' ითამაშა, მაგრამ მაშინ ტრავმის გამო პირველივე ტაიმში მოედნიდან გავიდა.

საზონოვის თამაშის მომენტები „სალერნიტანას'' წინააღმდეგ

 

შეგახსენებთ, საბა საზონოვის მთავარი კონკურენტი ალესანდრო ბუონჯორნო ტრავმირებულია. არსებობდა მოლოდინი, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდებოდა და სამ თვეს გამოტოვებდა, თუმცა ექიმებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, თერაპიულ კურსს გაივლის და სავარაუდოდ ერთ თვეში მოედანზე დაბრუნდება. ბუონჯორნოს არყოფნაში საზონოვი სასტარტოში დაბრუნდა, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სასტარტოში მეორედ ითამაშა. ბუონჯორნოს გარეშე „ტორინო’' „სასუოლოსთან’’, „ლეჩესთან’’, „ლაციოსთან’’ და „რომასთან'' ითამაშებს. დიდი ალბათობით, ბუონჯორნო „ფიორენტინასთან’’ შეხვედრასაც გამოტოვებს, ეს მატჩი 2 მარტს გაიმართება.

„ტორინომ'' 22 ტურში 32 ქულა დააგროვა, ამ მომენტში მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება „სალერნიტანას'', 13 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

სერია A-ს შემდეგ ტურში „ტორინო'' „სასუოლოს'' ესტუმრება (10 თებერვალი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები