თამაზ ბოკერია, გელა შეყილაძე, აზიის თასი, ტაჯიკეთის ნაკრები
Aa
Aa

ტაჯიკეთში დაწერილი ისტორია, აზიის თასი და საქართველოს ნაკრები - ექსკლუზიური ინტერვიუ თამაზ ბოკერიასთან

დღეისთვის, საქართველოში ნაკლებად თუ მოიძებნება საფეხბურთო სპეციალისტი, რომელიც საზღვარგარეთ თავისი პროფესიით მუშაობს. ასეთი შესაძლოა რამდენიმე ერთეული გაგვახსენდეს, მაგალითად თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე და სხვ. უფრო იშვიათია აზიის კონტინენტზე მომუშავე ქართველთა რიცხვი. პირველი, ვინც შეიძლება გაგვახსენდეს ალბათ შოთა არველაძეა, რომელმაც ტაშკენტის „ფახთაქორი“ თავის დროზე აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და არსებობის ისტორიაში პირველად, ტურნირის 1/4 ფინალშიც ათამაშა.

ქართულ ფეხბურთში კარგად ჩახედულ ადამიანს შესაძლოა თამაზ ბოკერია კარგად ახსოვდეს, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ საქართველოს ნაკრებში და ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, შემდეგ კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რამდენიმე გუნდში ეჭირა წამყვანი პოზიციები. თუმცა, ცოტას თუ ეცოდინება, რომ დღეს თამაზ ბოკერია ტაჯიკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პეტარ სეგრტის ასისტენტია.

საგულისხმოა, რომ ხორვატი სპეციალისტი წარსულში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და რამდენიმე მატჩში მან ეროვნულ გუნდსაც უთავკაცა, 2010 წლის შემდეგ კი სამუშაოდ აზიაში წავიდა და სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა. სეგრტი ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წელს დაინიშნა და მაშინვე, ასისტენტებად თამაზ ბოკერია და გელა შეყილაძე წაიყვანა, რომლებსაც საქართველოში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა.

ხორვატმა სპეციალისტმა ბოკერიასა და შეყილაძის დახმარებით პირველივე წელს შეძლო აზიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. ტაჯიკეთში სეგრტის შედეგი უდიდეს წარმატებად შეფასდა, თუმცა, აზიის თასზე ხორვატმა მწვრთნელმა ქართველი ასისტენტების დახმარებით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ტაჯიკეთის ნაკრებმა A ჯგუფში, სადაც მეტოქეები ჩინეთის, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კატარი და ლიბანის ნაკრებები იყვნენ, 4 ქულა დააგროვა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. ამაში უდიდესი დამსახურება ქართველ სპეციალისტებსაც მიუძღვით. თამაზ ბოკერია მეტოქე გუნდების თამაშების ანალიზს, ფეხბურთელების შესწავლასა და სკაუტინგს ახდენს, გელა შეყილაძე კი სავარჯიშო პროცესზეა პასუხისმგებელი.

„კრისტალსპორტი“ თამაზ ბოკერიას კატარში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ქართველი სპეციალისტი ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა, მათ შორის აზიის თასზე, ტაჯიკეთის ნაკრებზე, ქართულ ფეხბურთსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე.

თამაზ ბოკერიას ინტერვიუ:

აზიის თასის ჯგუფური ეტაპის შეფასება და პროგრამა მინიმუმი: როდესაც აზიის თასის ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, მიზნად დავისახეთ, რომ რაც შეიძლება შორს წავსულიყავით, პროგრამა მინიმუმი კი ჯგუფიდან გასვლა იყო. ფინალური ეტაპის კენჭისყრა მაისში ჩატარდა და როდესაც მეტოქეები გაირკვა, ტურნირისთვის მზადება დავიწყეთ. რეალობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ტაჯიკეთის ნაკრები არ მიეკუთვნებოდა აზიაში ელიტური გუნდების რიცხვს, შევეცადეთ ჩვენი აქ მუშაობის პერიოდში ფეხბურთელებისთვის ჩაგვენერგა, რომ ყველა მეტოქესთან შეიძლებოდა თამაში და დადებითი შედეგის მიღწევა. ამის პირველი ინიციატორი რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი, პეტარ სეგრტი იყო. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული მეტოქეებისა და თითოეული ფეხბურთელის შესწავლის კუთხით. აზიის თასს სრულად მომზადებულები შევხვდით, რაც გვაძლევდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვეძლო. მოსამზადებელ ეტაპზე ორი საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი მოვიგეთ - მეფის თასი (King’s Cup) ტაილანდში და 2023 წლის ოქტომბერში მალაიზიაში მერდეკას ტურნირი. ასე დავიწყეთ აზიის თასამდე გუნდის მოყვანა და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მიზანი უკვე შესრულებულია. კონკრეტული მატჩის შედეგი არ განსაზღვრავს ჯგუფიდან გასვლას, აქ უკვე მათემატიკაც დიდ როლს თამაშობს, დამოკიდებული ხარ სხვა ჯგუფებზეც... რეალობიდან გამომდინარე მიზანი 4 ქულის დაგროვება იყო, რაც ჩვენი გათვლით ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, როდესაც მეტოქე ჩინეთი გყავს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ტაჯიკეთია, მოგებაზე ოცნება წარმოუდგენელი იყო. აქაური ვეტერანი ფეხბურთელები, ვინც ნაკრებში თამაშობდნენ, გვეუბნებიან, რომ როცა ჩინეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ, მოედანზე გადიოდნენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბურთით წაეგოთ და ახლა უკვე სხვა რეალობა დადგა. ჩინეთთან მატჩში მეტოქეზე მეტი რეალური მომენტი გვქონდა და ძალიან ბევრი ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთელები გულდაწყვეტილები იყვნენ, რომ ჩინეთთან ვერ მოიგეს, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე კატართან, ტურნირის მასპინძელთან და აზიის მოქმედ ჩემპიონთან, როდესაც მეტოქე გუნდის ქომაგი მოდის, სტადიონს ავსებს და საოცარ ატმოსფეროს ქმნის, მარცხის მიუხედავად, სადაც მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომებიც იყო, გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს შეეძლო ამ მეტოქეების წინააღმდეგ ტოლ-სწორად თამაში, რაზეც აქამდე ოცნებაც არ შეიძლებოდა. კენჭისყრის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთში დავილაპარაკეთ და ვივარაუდეთ, რომ ფინალი ლიბანთან გვექნებოდა და ასეც მოხდა. ეს მინი-ფინალური თამაში მოვიგეთ და გავედით იმ ეტაპზე, რომელიც საოცნებო იყო მთლიანად ტაჯიკეთის ფეხბურთისთვის. ზოგადად, ტურნირზე მოხვედრაც საოცნებო იყო, ამ ოცნებით 30 წელი ცხოვრობდნენ და სადებიუტო აზიის თასზე 1/8 ფინალის საგზური მოვიპოვეთ.

მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ: ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ფეხბურთელებს ყველანაირი ფსიქოლოგიური წნეხი გადალახული ჰქონდათ. ეს ბიჭები თავიანთ ქვეყანაში უკვე გმირები არიან. წარმოიდგინეთ, ტაჯიკეთში იმხელა ეიფორიაა, რომ დიდი და პატარა, ვინც ფეხბურთს აქამდე საერთოდ არ გულშემატკივრობდა და არც უყურებდა, ჩართულია ამ საფეხბურთო პერიპეტიებში და დღეს ქვეყანა ამით ცხოვრობს. ჩვენი სტაფის წევრები, აქაური მეგობრები გვიყვებიან, რომ ტაჯიკი ერი ასეთი შეკრული და გაერთიანებული არასდროს ყოფილა. ამის გამო ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები არიან. ახლა, რაც უფრო შორს წავალთ, როგორც ჩვენთვის, ისე ფეხბურთელებისთვის წარმოუდგენელი წარმატება იქნება.

ორი ქართველი ტაჯიკეთის ნაკრებში: ტაჯიკეთის ნაკრებში მე და გელა შეყილაძე ვმუშაობთ. ორივე მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციას ვითავსებთ. გელა ძირითადად სავარჯიშო პროცესზეა პასუხისმგებელი, ჩემი მოვალეობა კი არის სკაუტინგი, ვიდეო-ანალიზი და მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის შეგროვება, ამასთან, სამწვრთნელო პროცესშიც ჩართული ვარ.

როგორ მოხვდით ტაჯიკეთის ნაკრებში: 2021 წლის დეკემბრის ბოლოს პეტარი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ტაჯიკეთიდან შემოთავაზება ჰქონდა. პეტარი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს აზიის კონტინენტზე. 2010 წლიდან მუშაობდა ინდონეზიურ კლუბებში, შემდეგ იყო ავღანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შემდეგ მალდივების ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ტაჯიკურ ფეხბურთზე ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა. მითხრა, რომ საინტერესო პერსპექტივას იყო იმ კუთხით, რომ ამ ფეხბურთელებით შეგვეძლო აზიის თასზე თამაშის შანსს ხედავდა, იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ძალიან მცირე დრო გვქონდა. კონტრაქტი 2022 წლის იანვრის ბოლოს გაფორმდა და სამუშაოს ამავე წლის მარტის ბოლოდან შევუდექით. ფიფას პირველი ფანჯარა მარტის ბოლოს იყო და მხოლოდ ამ ორი თამაშის ამარა წავედით საკვალიფიკაციო ეტაპზე. დავიწყეთ აქაური ფეხბურთისა და ფეხბურთელების შესწავლა, ამ გუნდის მიერ ჩატარებული ძალიან ბევრი თამაში ვნახეთ, შევისწავლეთ სუსტი და ძლიერი მხარეები, შევაფასეთ ფეხბურთელების კვალიფიკაცია და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გაოცებულნი დავრჩით, იმიტომ რომ სათამაშო სტილით ქართველებს ძალიან ჰგვანან. უყვართ ტექნიკურად თამაში, ბურთთან ერთად ყოფნა და რაც აკლდათ, იყო სათამაშო დისციპლინა. პირველ რიგში რისი დანერგვაც იყო აუცილებელი, ეს იყო მკაცრი სათამაშო დისციპლინა და ამ ფეხბურთელებში მოტივაციის გაღვიძება, რომ ყველასთან შეიძლებოდა ტოლ-სწორად თამაში. მცირე დროის მიუხედავად, მოვახერხეთ და გავედით აზიის თასზე. შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები მოვახდინეთ. აქამდე, ზოგადად ტაჯიკებისთვის წარმოუდგენელი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია გამოცდილ ფეხბურთელებთან. ტაჯიკეთი პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყანაა და ძველი მენტალიტეტით ასე იყო, რომ ახალგაზრდის დიდ ფეხბურთში და ეროვნულ ნაკრებში მალე ინტეგრირება არ შეიძლებოდა. შეიძლებოდა ნიჭიერი ახალგაზრდა ყოფილიყო, მაგრამ ამის გამო არ ეძლეოდა შანსი და აქაც ზუსტად ასეთი მიდგომა დაგვხვდა. როდესაც პირველივე შეკრებიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოძახება დავიწყეთ, გაოცებულები გვიყურებდნენ. უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა 18, 19 ან 20 წლის ბიჭმა ითამაშოს ეროვნულ ნაკრებშიო. ასე დავიწყეთ გუნდის გაახალგაზრდავება და სხვათა შორის, აზიის თასზე ინდონეზიის ნაკრების შემდეგ საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ. 16 და 17 წლის ფეხბურთელებს მივეცით თავის გამოჩენის შანსი და დაახლოებით 60-მდე ფეხბურთელი გამოვცადეთ. ხელშეუხებელი ფეხბურთელები, რომლებიც ე.წ. „ამინდს“ ქმნიდნენ, ხელშეუხებლები აღარ იყვნენ, თავადაც დაინახეს, რომ ეს შედეგს იძლეოდა და სამწვრთნელო შტაბის ახირება არ იყო. დღეს უკვე ყველა ბედნიერია, როცა ხედავენ, რომ არასრულ ორ წელში ამ ნაბიჯებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. უხარიათ, რომ ტაჯიკეთი უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა და აზიის ფეხბურთის ელიტას მიეკუთვნება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ როდესაც გუნდი ჩავიბარეთ, ფიფას რეიტინგში 118-ე ადგილზე იყო და აზიის კონტინენტზე 23-ე ადგილზე იმყოფებოდა, დღევანდელი მონაცემებით კი ფიფას რეიტინგში უკვე ასეულში ვართ და აზიაში გუნდი მე-16 პოზიციაზე აღზევდა.

ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების შესახებ: წელიწადში 8-9 თვეს ვატარებ ტაჯიკეთში და ნაკრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიური სამუშაო არ მაქვს, მაგრამ დავდივართ, ჩემპიონატის თამაშებს ვესწრებით და სასელექციო სამუშაოები ყოველთვის მიდის. ამის მიუხედავად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა ტურის მატჩს ვადევნებ თვალ. შეძლებისდაგვარად, შეიძლება ტურის ორი თამაშიც ვნახო. ქართული ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ამდენი წელი ვიმუშავე ქართულ ფეხბურთში და ბოლოს, 9 წელი „ლოკომოტივში“ ვიყავი. ამ გუნდის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული ცალკე თემაა, მაგრამ ჩემთვის მთავარი არის ქართული ფეხბურთი და საქართველოს ჩემპიონატი, იქ მიმდინარე მოვლენები და ეროვნული ნაკრები. მინდა ერთი რაღაც ვთქვა: ლიბანთან თამაშის შემდეგ, როდესაც გასახდელში შევედი და საოცრება ხდებოდა, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო - „ღმერთო, მარტში აი ეს სიხარული საქართველოში ყველამ განიცადოს! ეროვნული ნაკრები გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე!“ უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც დიდი ტურნირით ცხოვრებას საკუთარ თავზე გამოცდი. აზიის თასი ახლა კატარში ტარდება და ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გაგრძელებაა, თუნდაც საორგანიზაციო კუთხით, სტადიონებით, სავარჯიშო ბაზებით... სადაც ჩვენ ვვარჯიშობთ, მსოფლიო ჩემპიონატის დროს ურუგვაის ნაკრები ემზადებოდა. როდესაც დიდი ტურნირის ცხოვრებას ვუყურებ, პირველი, რაც ჩემში, როგორც ქართველში მოდის, ისაა, რომ ჩვენი ნაკრები გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ ქართველმა ერმა შეიგრძნოს ეს საფეხბურთო ცხოვრება. როგორც გითხარით, ტაჯიკები მეუბნებიან, რომ ასეთი გაერთიანებული ქვეყანა არ ახსოვთ და სწორედ ეს შეუძლია საქართველოს ნაკრებს. ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომ მარტში ერი გააერთიანონ. ჩემთვის, ქართული ფეხბურთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია... სადაც არ უნდა ვიყო, ნებისმიერ ქვეყანაში, ჩემთვის ქართული ფეხბურთი არის ნომერ პირველი.


ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ: მისი ერთი თამაშიც არ მაქვს გამოტოვებული, გინდათ სერია A-ში და გინდათ ჩემპიონთა ლიგაზე. აქაც, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, სუპერთასის ორივე თამაში ვნახე. ხვიჩას ფაქტორზე რა შეიძლება ითქვას - დღეს, თუ მსოფლიოში საფეხბურთო ელიტა არსებობს, ამ ელიტის წარმომადგენელია ხვიჩაც, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩემთვის, ის აზრი, რომ ხვიჩა არ არის იმ სიმაღლეზე, როგორზეც შარშან იყო, როგორც საფეხბურთო სპეციალისტისთვის აზრს მოკლებულია. ხვიჩა არის მსოფლიო დონის ტოპ-ფეხბურთელი. იძახიან, რომ ისეთი ეფექტური აღარ არის, როგორიც შარშანო, მაგრამ დღესაც, ნაპოლი მასზე დგას და დღესაც, ხვიჩა ევროპული გრანდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსუყე ლუკმაა. ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს ბიჭი ძალიან დიდი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა შესაძლოა კიდევ დიდ ხანს არ მოგვცეს. ამიტომ მას ყველანაირად უნდა მოვუფრთხილდეთ. მასთან მიმართებაში ყველა ქცევა და სიტყვა უნდა ავწონოთ. არის მომენტები, როცა უფრო უნდა დავუდგეთ გვერდში ადამიანს, რომელმაც ამხელა სიხარული მოგვანიჭა. მახსოვს, რა ხდებოდა ჩემს ოჯახში, როდესაც წარსულში წარმატებული თბილისის დინამო თამაშობდა. ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს ის ემოციები, როდესაც კვირიდან კვირამდე ველოდებოდით დინამოს თამაშებს. როგორ ემზადებოდნენ ამ თამაშებისთვის, მათ შორის ჩემს ოჯახში. იყო ნათესავების, მეგობრების თავშეყრა და ფეხბურთს ყველა ერთად უყურებდა. ხვიჩამ ზუსტად ეს მუხტი დააბრუნა. ყოველი კვირა მისი თამაშის მოლოდინში ვართ, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა, თუ სერია A. ვისაც განცდილი გვაქვს ის ემოცია, რასაც თბილისის დინამო ერქვა, რასაც დიდი გუნდი და ჩვენი ვარსკვლავები ერქვა, როდესაც ყოველი კვირა მათ ეკრანებზე გამოჩენას ველოდით, ზუსტად იგივე მუხტი მოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ 10 წელი ეს ბიჭი საფეხბურთო ელიტაში იტრიალებს და იმხელა წარმატებები ექნება, რომ ამით მთელი საქართველო იამაყებს.

როგორც უკვე გითხარით, ტაჯიკეთის ნაკრებმა აზიის თასის A ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. თამაზ ბოკერიასა და გელა შეყილაძის გუნდის მეტოქე 1/8 ფინალში არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები