ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მაურო მელუზო
Aa
Aa

მელუზო: ჯუღელის უადგილო კომენტარი გასახდელზე გავლენას ვერ მოახდენს

„ნაპოლის’’ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ DAZN-თან ინტერვიუში მამუკა ჯუღელისა და ვიქტორ ოსიმენის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯუღელის განცხადება ფეხბურთელების ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ეს პირადი საკითხია, ამ საკითხის განხილვაში არ შევიდეთ. კვარაცხელია და ოსიმენი ძმური მეგობრები არიან. ვადასტურებ რომ მათ ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ. კვარაცხელიას აგენტის განცხადება ცოტა უადგილოა, თუმცა რაც მოხდა, გასახდელში არ შემოვა, გასახდელზე გავლენას ვერ მოახდენს. ცხადია, ხვიჩამ და ვიქტორმა უკვე ისაუბრეს. დარწმუნებული ვარ, როცა აფრიკის თასიდან დაბრუნდება, ისინი ერთმანეთს ჩაეხუტებიან’’.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა. ჯუღელმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ცოტნე ქინქლაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლა ივარაუდა.

მამუკა ჯუღელი: „გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა. კვარაცხელიას სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს. იგი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა“.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჯუღელი სამარცხვინო ადამიანად მოიხსენია და მოუწოდა, მასზე აღარასდროს ილაპარაკოს. „ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო“ - დაწერა ოსიმენმა.

ვალტერ მაცარი: „კამათი კვარაცხელიას წარმომადგენელსა და ოსიმენს შორის? კვარაცხელიასთან და ოსიმენთან პირისპირ საუბარს ვგეგმავ. როცა კასტელ ვოლტურნოში მოდიან, საქმეზე ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ, „ნაპოლის'' მაისურია მთავარი, სხვა რაღაცები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მათ „ნაპოლის’’ მაისურისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ. ამას ვეტყვი მათ, როცა პირისპირ შევხვდები. მათი უპირველესი ვალდებულება თავიანთი საქმის კარგად გაკეთებაა, „ნაპოლის'' მაისურისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და თამაშზე უნდა იფიქრონ და როცა მოედანზე გადიან, ყველაფერი უნდა დაივიწყონ. როცა ბაზიდან გადიან, შეუძლიათ აგენტებს დაურეკონ. არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები