„ვერ ხედავ თამაშის საშუალებას არ აძლევენ?“ | რის გამო გააძევეს ვალტერ მაცარი
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მონცას“ ვერ მოუგო და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის 83-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა, მარკო დი ბელომ „პარტენოპეის“ თავკაცი, ვალტერ მაცარი მოედნიდან გააძევა და მატჩის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა თქვა მისი წითელი ბარათი რამ განაპირობა.
მაცარი „კვარას“ ეპიზოდმა განარისხა. ხვიჩას ეუხეშნენ, რასაც ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა და „ნაპოლის“ თავკაცმა დი ბელოსთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მაცარიმ ქართველი ფეხბურთელი დაიცვა და მთავარ მსაჯს მიმართა.
„ვერ ხედავ, რომ ამ ბიჭს თამაშის საშუალებას აღარ აძლევენ?“, - უთხრა მაცარიმ დი ბელოს, რასაც შელაპარაკება და წითელი ბარათი მოჰყვა. შეხვედრის შემდეგ, მაცარიმ DAZN-თან საუბრისას განაცხადა: „მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ ზომებს არასდროს იღებენ და მათ არასდროს აფრთხილებენ. მოედანზე უამრავი კამერაა და არ მჯერა, რომ კვარაცხელიასთან და ოსიმენთან მიმართებით, უფრო მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. თუ ასეა, მაშინ აშკარაა ისიც, რომ ხვიჩა და ვიქტორი უნდა დავიცვა“.
ცნობისთვის, „მონცასთან“ მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2024 წელს გამართავს და 7 იანვარს „ტორინოს“ დაუპირისპირდება.