ვილი სანიოლი, ლუკა გაგნიძე, საბა საზონოვი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი: ნაკრებში საზონოვის როლი მაშინ გამოჩნდება, როცა კლუბში პრაქტიკა ექნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხის'' საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა საბა საზონოვს ეხებოდა, რომელსაც „ტორინოს'' მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი არ ენდობა და ეროვნული ნაკრების სიაში ვერ მოხვდა. სანიოლის თქმით, საზონოვისა და გაგნიძის გამოუძახებლობა მცირე სათამაშო დროით აიხსნება.

სანიოლი: „საბა საზონოვი მომავალში ითამაშებს თუ არა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. სათამაშო პრაქტიკის გარეშე შოტლანდიასთან და ესპანეთთან თამაში რთულია. ასეთ დონის გუნდებთან თავის დაცვა დიდი ხანი გიწევს, ბევრი მოძრაობაა საჭირო. ამიტომ არ გამოვიძახე.

საწყის ეტაპზე იტალიაში გადასულ მცველებს ძალიან უჭირთ, ტაქტიკური თუ ფიზიკური კუთხით მათგან ბევრს ითხოვენ. საბას იტალიურ ფეხბურთთან ადაპტცია სჭირდება. ვიმედოვნებ, საბას „ტორინოში'' მეტი სათამაშო დრო ექნება და შემდეგ გამოჩნდება მისი როლი ეროვნულ ნაკრებში.

საბა საზონოვისთვის ფიზიკური, მორალური თუ სხვა კუთხით სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. ის ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრად უფრო სასარგებლო იქნება. სჯობს, ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშოს ვიდრე ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოთა სკამზე იჯდეს.

მიმდინარე წელს ბევრი ახალგაზრდა გამოვიძახეთ, მათ ეს დაიმსახურეს. საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე საკლუბო დონეზე თითქმის არ თამაშობენ. ამჯერად, სწორედ ამიტომ არ გამოვიძახეთ. მათთვის საკლუბო დონეზე ოფიციალური მატჩების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია''.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო შოტლანდიას მიიღებს (16 ნოემბერი), დასკვნით ტურში ესპანეთს ესტუმრება (19 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები