„გოლის გატანა არ დავიწყებია“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გოლები ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
მიქაუტაძის თამაშს, შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე გავლენიანი ნიდერლანდური გამოცემა გამოეხმაურა, ნაწილმა კი იმედი გამოთქმა, რომ ქართველ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შესაძლებლობა „აიაქსშიც“ მიეცემა.
VOETBALPRIMEUR.NL:
ტაილანდთან 4 გოლის შემდეგ, მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საქართველოსთვის დიდ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა. იმის მიუხედავად, რომ „აიაქსის“ ახალწვეულს ამსტერდამში თავისი თვისებების დემონსტრირება უჭირს, საქართველოს ნაკრებში მისთვის საქმე უფრო მარტივადაა. ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში გატანილი 4 გოლის შემდეგ, მან ამჯერად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, კვიპროსის წინააღმდეგ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.
თავდაპირველად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უპირატესობა ბუდუ ზივზივაძეს მიანიჭა და მიქაუტაძე თამაშში 1 საათის შემდეგ ჩართო. შეხვედრის ფინალურ ფაზაში, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, „აიაქსის“ ფეხბურთელს პენალტის დარტყმის უფლება მიეცა, რომელიც უნაკლოდ შეასრულა.
FCUPDATE.NL:
ტაილანდთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ თავისი გმირული როლის შესრულება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, კვიპროსის წინააღმდეგაც შეძლო. „აიაქსის“ ფეხბურთელი მოედანზე შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შევიდა და უპრობლემოდ მოგებულ მატჩში საბოლოო ანგარიში, 4:0 პენალტით დააფიქსირა. უცნაურია, რომ ტაილანდის წინააღმდეგ გატანილი 4 გოლი, კვიპროსთან სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.
SOCCERNEWS.NL
კვირას საღამოს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა. ამჯერად, მეტოქე კვიპროსის ნაკრები იყო, რომელსაც 4:0 მოუგეს, ერთ-ერთი გოლი კი „აიაქსის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.
შუა კვირაში საქართველომ ტაილანდთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 8:0 მოიგო და იმ შეხვედრაში მიქაუტაძემ 4 გოლი გაიტანა. ამით დაამტკიცა, რომ გოლის გატანა არ დავიწყებია და იმედი ჰქონდა, რომ კვიპროსთან სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა. თუმცა, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება არჩია და მოედანზე 1 საათის შემდეგ შემოიყვანა, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა. მიქაუტაძემ მიცემული დრო ღირსეულად გამოიყენა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ „აიაქსში“ ქართველი ფეხბურთელი სათამაშო დროს პრაქტიკულად ვერ იღებს, მისთვის სანაკრებო პაუზები ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო 4:0 კვიპროსი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში მეორე მატჩი მოიგო და ისევ უქულო კვიპროსს აჯობა. სანიოლის გუნდმა 7 ქულა მოაგროვა, ცხრილის მე-4 ადგილზეა და ნორვეგიას 3 ქულით ჩამორჩება. ჩვენი გუნდი „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას ნოემბერში დაასრულებს, როცა 16 ნოემბერს ჯერ შოტლანდიას უმასპინძლებს, 19-ში კი ესპანეთს ესტუმრება.