ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„გული მწყდება, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვერ შეძლო“ - თემურ ქეცბაია

ტაილანდის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისა და რეკორდული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსთან გასამართი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ერთი დღით ადრე, ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცები შედგა, რის შემდეგაც, გუნდები ბოლო ვარჯიშს გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისა და მისი გუნდის ვარჯიშის შემდეგ, მედიის კითხვებს კვიპროსის ეროვნული ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ უპასუხა.

თემურ ქეცბაია (კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი გვქონდა, რაც შედეგებზეც აისახა, რადგან ამ დრომდე 1 ქულაც კი  ვერ ავიღეთ.

საქართველოს ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, იმ ფეხბურთელებით, რომელთაც მატჩის ბიდის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლიათ. მეტოქე დასაფასებელი და ძლიერია, თუმცა დასაკარგი არაფერი გვაქვს და ვეცდებით, მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

წინა მატჩში, როცა საქართველოს ვეთამაშეთ, რაღაც შანსები გვქონდა და გამარჯვებისგან არც ისე შორს ვიყავით. საბოლოო ჯამში, ჩვენი ყველა მეტოქე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, ამოცანა კი, რომელიც გვქონდა, მეტოქეებისთვის საქმის გართულება იყო.

სიმართლე გითხრათ, კვიპროსი და საქართველო ერთ ჯგუფში რომ მოხვედრილიყვნენ, თავიდანვე არ მინდოდა. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს და ქართულ ფეხბურთს უკავშირდება და ეს ჩემთვის მარტივი არაა. მითუმეტეს, როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამდენი გამოვიარე, ყველაფერი კარგად ვიცი, თუმცა პროფესიონალები ვართ და მინდორზე მეტოქეობა მოგვიწევს.

ჩვენს თამაშებზე, არც ისე ბევრი გულშემატკივარი დადის. მაშინ, არც საქართველოს წინააღმდეგ იყო ბევრი გულშემატკივარი, საქართველოს კი ქომაგები კვიპროსშიც გამოყვნენ. ვიცი, რომ საქართველოს, სახლში მხარს უამრავი გულშემატკივარი დაუჭერს.

გული მწყდება, რომ ამ დრომდე, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვერ შეძლო. მაშინ კოვიდი დაემთხვა, რამაც ნაკრებს ლიდერები დააკლო, სტადიონს კი - გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, სავსე სტადიონზე სხვა რეალობა იქნებოდა.

დღეს კიდევ სხვა მოცემულობაა,  სხვა კონტიგენტია და საქართველოს ნაკრებს დიდ ტურნირზე თამაშისთვის ბრძოლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ  ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა , კვიპროსის წინააღმდეგ, 15 ოქტომბერს შედგება. მატჩს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 17:00 საათიდან უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, პირდაპირი რეპორტაჟი კი დაგეგმილი საქართველოს პირველ არხზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია“
„ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია“