ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„შეიძლება, ელიტური გუნდი არ ვართ, მაგრამ არც სუსტი ნაკრები ვართ“ - ვილი სანიოლი

ტაილანდის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისა და რეკორდული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსთან გასამართი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ერთი დღით ადრე, ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, გუნდები ბოლო ვარჯიშს გამართავენ.


ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ჯამში, ტაილანდის წინააღმდეგ მატჩით, კმაყოფილი ვიყავი. აქტიურად დავიწყეთ, კარგი სტარტი გვქონდა, რამაც საბოლოო შედეგზე გავალენა იქონია. ფეხბურთელებიც კმაყოფილები იყვნენ. სექტემბერში რთული თვე გვქონდა და ის თავდაჯერება, რამ ამ მატჩმა მოგვცა, უნდა წაგვადგეს.  

ფაქტია, ტაილანდის წინააღმდეგაც შეცდომები იყო, რის შესახებაც ვისაუბრეთ. სავარაუდოდ, ეს მოდუნებით აიხსნება, რადგან პირველ ტაიმს უკვე დიდი ანგარიშით ვიგებდით. მესმის, რომ სხვა გუნდები ამ შანსებს გამოიყენებდნენ. შეიძლება, ელიტური გუნდი არ ვართ, მაგრამ არც სუსტი ნაკრები ვართ.

რა თქმა უნდა, ტაილანდი და კვიპროსი განსხვავდებიან. კვიპროსთან განსხვავებული მატჩი გველის. ევროპული გუნდია, ბევრად ძლიერი და გამოცდილი. ჩემი სურვილია პროფესიონალიზმით მივუდგეთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ვნახეთ, რომ კვიპროსი დაცვაში კომპაქტურად დგას. ასეთ შემთვევაში მოთმინება აუცილებელია. ვფიქრობ, გვაქვს ის რესურსი, ეს დაცვა დავძლიოთ.

მიუხედავად იმის, რომ კვიპროსთან გამართულ წინა მატჩში, გამარჯვება გაგვიჭირდა, 3 ქულა მაინც მოვიპოვეთ. ამ მატჩში სტარტი განსაკუთრებით კარგი იყო. დაახლოებით 30 წუთში ნაკლები შეცდომა გვქონდა.

იოლი არც ეს მატჩი იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქის მწვრთნელი თემურ ქეცაბაია, რომელმაც ჩვენი გუნდი კარგად იცის, არამედ იმიტომაც, რომ ამ ნაკრებს ჯგუფში პირველი ქულები სჭირდება.

რაც შეეხება არ გამოძახებულ ფეხბურთელებს: ლევან კუტალია? უფრო მარტივი იქნება მითხრათ შემადგენლობიდან ვინ ამოვაგდო. ლევანის თამაშს ვაკვირდები, სასამოვნოა, რომ წარმატებით თამაშობს და ბევრი გოლიც გააქვს. ის, რომ ამჟამად გამოძახებული არაა, ნიშნავს იმას, რომ სხვა ფეხბურთელები, ნაკრებს ბევრად დაეხმარებიან. როგორც ეს ვოლკოვის შემთხვევაში იყო - შანსი რომ მიეცა, ეს შეიძლება ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში მოხდეს, რადგან ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.

და ბოლოს, კაპიტანზე იყო კითხვა და გიპასუხებთ, რომ არაფერი შეცვლილა: კაპიტანი გურამ კაშიაა, ვიცე-კაპიტანი - ნიკა კვეკვესკირი, თუ მოედანზე არცერთი მათგანი არ იქნებოდა, კაპიტნის სამკლაური გიორგი ლორიას უნდა მიეღო, თუმცა მე მეკარის კაპიტნად დანიშვნა არ მიყვარს, რადგან პოზიციურად, მეკარისთვის ეს რთულია. ნაკრებში, საბა კვერკველია, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია და მან, კაპიტნის სამკლაური ჩემი გადაწყვეტილებით მიიღო.

 

მთავარ მწვრთნელთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენციას ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილიც ესწრებოდა.

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრები)

ეს ჩემთვის, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, პირველი პრესკონფერენციაა. აქამდე, მართლაც რთული გზა გამოვიარე. მე-3 ლიგაში ვიყავი, დღეს კი არ ვარ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი შრომა, გულშემატკივრის დახმარება და ის ატმოსფერო, რაც გუნდშია, მეხმარება ეს გზა ადვილად რომ გავიარო.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ლევანტეში გაკვირვებულები იყვნენ, სტადიონზე ამდენი გულშემატკივარი რომ მოვიდა. აღნიშნეს, რომ საოცარი გარემო და სტადიონია. ეს ანგარიში დასავიწყებელი და ახალი მატჩებისთვის მზადების პროცესში გამოცდილებაა.

როცა დებიუტანტი ხარ და ნაკრების მაისური გაცვია, ეს მართლაც სხვა გრძნობაა, მთელი საქართველო გიყურებს, მაგრამ გვაქვს ის პროფესიონალიზმი, ეს წნეხი დავძლიოთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

შეგახსენებთ, რომ  ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა , კვიპროსის წინააღმდეგ, 15 ოქტომბერს შედგება. მატჩს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 17:00 საათიდან უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, პირდაპირი რეპორტაჟი კი დაგეგმილი საქართველოს პირველ არხზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია“
„ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია“