უოტფორდის მორიგი მარცხი - ჩაკვეტაძემ კვლავ ცვლილებაზე ითამაშა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-9 ტურში „უოტფორდი’’ შინ მაიკლ კერიკის გაწვრთნილ „მიდლსბროსთან’’ 2:3 დამარცხდა. ვალერიენ ისმაელის გუნდმა 9 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 3 ფრე ითამაშა და 4 დათმო, 13 გოლი შეაგდო და ამდენივე გაუშვა.
ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტო 11-ეულს მიღმა დატოვა, თამაშში 65-ე წუთზე ჩართო, როცა ხუთივე გოლი გასული იყო. ამჯერად, ჩაკვეტაძეს ფლანგზე არ უთამაშია, ფორვარდის უკან მოქმედებდა, თუმცა ორი პრობლემა გამოიკვეთა: გუნდთან შეუთამაშებელია და დღეს მის თამაშს სიმწვავე აკლდა, ფეთქებადობა დაკარგული აქვს, რაც მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო. მიუხედავად ამისა, უნდა ითქას რომ „ლიდსის'', „ბლექბერნისა'' და „სტოკ სიტის'' წინააღმდეგ შედარებით უკეთ ითამაშა, რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა და გაჩნდა მოლოდინი, რომ სასტარტოში ვიხილავდით. მიუხედავად ამისა, ისმაელის მხრიდან მის მიმართ ნდობა არ გაზრდილა, კვლავ სათადარიგოთა სკამზე ტოვებს ხოლმე.
გარედან კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რთულია, მით უმეტეს როცა ფეხბურთელს მედიის მიმართ პასუხისმგებლობა გააზრებული არ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ 8 ტური გავიდა და საუკეთესო თვისებებს სათანადო სიხშირით ვერ ავლენს და ამასთან ერთად, მცირე სათამაშო დრო ეძლევა.
„მიდლსბროსთან'' მატჩში Sofascore-მა ჩაკვეტაძეს 6,8 დაუწერა. ბურთს 20-ჯერ შეეხო, 15 პასიდან 13 ზუსტად შეასრულა, 4 ორთაბრძოლიდან 3 მოიგო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
გასულ ზაფხულში „გენტმა'' ჩაკვეტაძე ერთი სეზონით „უოტფორდში'' გაანათხოვრა, ფეხბურთელმა ჩემპიონშიფის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა ცვლილებაზე, საერთო ჯამში 214 წუთი), 1 საგოლე პასი შეასრულა. ამ 8 მატჩიდან კიდევ ერთი რამ გამოჩნდა, მისი თანაგუნდელები ზოგჯერ ცარიელ სივრცეში მყოფ ჩაკვეტაძეს პასს არ აძლევენ, ფეხბურთელი თანაგუნდელებთან შეწყობილი და შეთამაშებული არაა, ეს ძალიან ნათლად იკვეთება.