გადაწყვეტილება შეცვალა - თეთრაძე კვლავ საბურთალოს გაწვრთნის
CrystalSport-ი იუწყებოდა რომ „საბურთალოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ პოსტი დატოვა, ეს ინფორმაცია ნამდვილად სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა დღეს მან გადაწყვეტილება შეცვალა და კლუბში დარჩა.
წყალტუბოს „სამგურალთან’’ მარცხის შემდეგ კლუბის დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებთან ხმამაღალი საუბარი ჰქონდა. ამის შემდეგ ომარ თეთრაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „სამგურალთან’’ მარცხის შემდეგ თეთრაძეს ვარჯიში აღარ ჩაუტარებია, სავარჯიშო პროცესს გუგა ნერგაძე უძღვებოდა, თუმცა დღეს ვითარება შეიცვალა და თეთრაძე კვლავ „საბურთალოს'' მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა, თუმცა შესაძლოა ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.
CrystalSport-ის ცნობით, კლუბის დამფუძნებელს, ტარიელ ხეჩიკაშვილს თეთრაძის კლუბიდან გაშვება არ სურდა და საბოლოოდ მას თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა.
თეთრაძის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობა თეთრაძის ასისტენტს, გუგა ნერგაძეს უნდა შეესრულებინა, თუმცა რადგან თეთრაძე კლუბში დარჩა, საკადრო ცვლილების საჭიროება აღარ დადგა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში საწყისი ორი წრის შემდეგ „საბურთალო'' ჩემიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა შემდეგ კლუბის შედეგები გაუარესდა, ბოლო 6 მატჩიდან თბილისურმა გუნდმა სამი დათმო („ტორპედოსთან'', „დილასთან'' და „სამგურალთან''), მხოლოდ აუტსაიდერებს მოუგო („შუქურასა'' და „გაგრას'') და ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან'' ფრე ითამაშა.
25 ტურის შემდეგ „საბურთალო'' 45 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ ბათუმის „დინამოს'' 10 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს'' - 3 ქულით.
25-ე ტურში „სამგურალმა'' ზესტაფონში „საბურთალო'' 1:0 დაამარცხა. 26-ე ტურში „საბურთალოს'' მეტოქე „თელავი'' იქნება, მატჩი 24 სექტემბერს, „მიხეილ მესხის'' სათადარიგოთა მოედანზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: „საბურთალოს'' პრესსამსახური