ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ხვიჩას გუნდის შეცვლა არასდროს ნდომებია, ნეაპოლში ყველაფერი გვაკმაყოფილებს“

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიურ CalcioNapoli24-ს ესაუბრა და ბოლო თვეებში ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ ყველა სპეკულაციაზე კომენტარი გააკეთა.

ძირითადად საუბარი ახალი კონტრაქტის ირგვლივ შედგა:

ნაპოლის განცხადება კვარას ახალ კონტრაქტზე

„ერთადერთი ადამიანი ვარ მე, რომელიც კვარაცხელიას კონტრაქტზე ლაპარაკობს და ლაპარაკობდა დღემდე. რაც ხვიჩა ნეაპოლშია წელიწადზე ცოტა მეტია გასული. ჩვენ ნაპოლის ხელმძღვანელობიდან კარგის მეტი არაფერი დაგვინახავს. სრული პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, ხვიჩას სახელით, მამამისი თავად იტყვის მის სათქმელს. ჩვენ ნეაპოლში თავს ისე ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში.

ოფიციალურად ვამბობ, რომ კვარაცხელიას გუნდის შეცვლა არასდროს ნდომებია. არავითარ კონტრაქტზე საუბარი არც ჩვენი და არც კლუბის მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ კონტრაქტით რაზეც ხელი მოვაწერეთ. ხვიჩას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ შეინარჩუნოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლი უკეთესად გამოვიდეს.

ჩემი შეხედულებით დე ლაურენტისი უკეთილშობილესი ადამიანია, რომელმაც ყველაფერი გაგვიკეთა, იმისათვის, რომ ხვიჩას დიდი ფეხბურთი ეთამაშა. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ რაიმეთი უკმაყოფილოები დავრჩენილვართ - ან ხელშეკრულებით ან ანაზღაურებით. მეტსაც გეტყვით, ხვიჩას მეუღლე საცხოვრებლად ნეაპოლში გადმოვიდა და ის სწავლას აქ გააგრძელებს.

მე და ბადრი (ხვიჩას მამა) ბავშვობის მეგობრები ვართ. ერთმანეთს ყოველთვის გულისტკივილზე ვესაუბრებით, ოჯახური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საუბარი იმაზე, რომ ხვიჩას რაიმე არ ჰყოფნის. ჩვენ ყველაფრით კმაყოფილები ვართ, ნეაპოლელი ხალხით და რა თქმა უნდა, დე ლაურენტისის ხელმძღვანელობით.

მადლობა დე ლაურენტისს და მთელს ნაპოლის, რომ მათ ხვიჩას ამხელა ნდობა გამოუცხადეს და ის ევროპაში დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქციეს. ოფიციალურად გამოვრიცხოთ ის, რომ კვარაცხელიას სადმე წასვლა უნდა.

ნაპოლი არის ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი, ძალიან საინტერესო კაპიტნით. ხვიჩა მეგობრულად მიიღეს და ის თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში. დანარჩენი არ ვიცი, არაფერი ყოფილა და ვინ რას წერს მე არაფერი ვიცი. ჩვენი მხრიდან კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარი არ ყოფილა, ასევე არც კლუბის ხელმძღვანელობიდან.

თუ, დე ლაურენტისი თავად ჩათვლის, რომ ახალი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყველანაირად მზად ვართ. ხვიჩა გააგრძელებს თამაშს, მას დიდი ფეხბურთის თამაში სურს და ეს ასეც იქნება. ჩვენი ინტერესი მხოლოდ ეს არის“.

ხვიჩას ოქროს ბურთის 30 ფინალისტს შორის მოხვედრა

„რა თქმა უნდა, ხვიჩას 30 კაცში მოხვედრა დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს მარტო ხვიჩას დამსახურება და წარმატება არაა, ამაში წვლილი მთელმა კლუბმა შეიტანა. მე ხვიჩას ვიცნობ ბავშვობიდან და მჯერა, რომ მოვა დრო, როცა ის ოქროს ბურთის პირველ სამეულში მოხვდება და შემდეგ მოიგებს კიდეც“.

ტრავმა და ამჟამინდელი ფორმა

„ხვიჩა ახლა თავს ძალიან კარგად გრძნობს. ლაციოსთან პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. და ახლა როცა სანაკრებო პაუზიდან დაბრუნდება უფრო უკეთეს და უკეთეს თამაშს ველოდებით. ამჟამად ხვიჩა ესპანეთის ნაკრებთან მატჩზე არის კონცენტრირებული.

შემდეგ კი მეც და მთელი ნეაპოლი, ასევე საქართველო ნაპოლისა და მადრიდის რეალის მატჩს დაველოდებით“.

რეალი, ბარსელონა და ხვიჩას მომდევნო შესაძლო კლუბები

„ამჟამად ჩვენ წასვლას არ განვიხილავთ. როცა ხვიჩა მზად იქნება რეალისთვის, ბარსელონასთვის, ამაზე შემდეგ ვიფიქრებთ. შემოთავაზება ამჯერად არ ყოფილა და ჩვენც გუნდის შეცვლას არ ვგეგმავთ. ნაპოლის ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ამ გუნდიდან ხვიჩას წასვლაზე არ ვფიქრობთ. ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია.

ასევე არ ვფიქრობ, რომ რეალს ნაპოლისთან უპირატესობა ექნება. დიდი იმედი მაქვს, რომ 3 ოქტომბერს ნაპოლი რეალს მოუგებს“.

განსხვავება სპალეტისა და რუდი გარსიას შორის

„სპალეტის რუსეთიდან ძალიან კარგად ვიცნობდი. დიდი მწვრთნელი და კარგი ადამიანია. რუდი გარსიას ჯერჯერობით ახლოს არ ვიცნობ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი. დანარჩენი ძლიერი მწვრთნელი და პიროვნება, რომ არის ეს ყველამ იცის”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად წლიურად 1.3 მილიონ ევროს იღებს (ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი გუნდში). იტალიური პრესის თანახმად „ნაპოლი“ მას ახალ პირობებს და ანაზღაურების სახით 2.5 მილიონს სთავაზობდა. მამუკა ჯუღელი კი 4-5 მილიონს ითხოვდა, თუმცა როგორც ხედავთ, კვარაცხელიას აგენტმა ყველანაირი ინფორმაცია უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ფეხბურთელები ყველა დავალებას შეასრულებენ“ - სანიოლი მატჩის წინ
„იმედი მაქვს, ფეხბურთელები ყველა დავალებას შეასრულებენ“ - სანიოლი მატჩის წინ