ასტანას მწვრთნელი: „გაგვიმართლა, 2 სწრაფი გოლი გავიტანეთ“
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის „დინამო“ შინ „ასტანასთან“ 1:2 დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი ყაზახეთში 1:1 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე „ასტანა“ გავიდა, ქართული კლუბი კი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.
მატჩის შემდეგ მედიასთან თბილისის „ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბიანმა ისაუბრა.
„პირველ 20 წუთში პოზიციური თამაში იყო. გაშვებულმა გოლმა დაგვძაბა. გაგვიმართლა, ორი სწრაფი გოლი გავიტანეთ, ბოლო წუთებში წნეხში ვიყავით და თავს ვიცავდით, მთავარია მოვიგეთ, „ასტანას“ ყველა ქომაგს ვულოცავ.
გოლის გაშვებამდე კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლის შემდეგ ჩვენი თამაშის ხარისხი გაუარესდა. მეორე ტაიმში ბევრი რამ შევცვალეთ.
გამარჯვებას უპირველესად გუნდური სულისკვეთების ხარჯზე მივაღწიეთ. ასევე, მეორე ტაიმში ტაქტიკურად გადავეწყვეთ და გამარჯვება ამანაც განაპირობა. პირველი ტაიმის შემდეგ აქცენტი მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ და ეს წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
ხვალიდან შემდეგი მატჩისთვის მზადებას ვიწყებთ, ახლა მთავარი ძალების აღდგენაა, მით უმეტეს, რომ ახლა უფრო შორი გზის გავლა გვიწევს. ზაგრების „დინამოსთან“ მატჩამდე ახალ ფეხბურთელებს არ დავიმატებთ''.