თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: ასეთ დონეზე ორწუთიან ჩავარდნას არ გაპატიებენ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის „დინამო“ შინ „ასტანასთან“ 1:2 დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი ყაზახეთში 1:1 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე „ასტანა“ გავიდა, ქართული კლუბი კი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.

მატჩის შემდეგ მედიასთან თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

„ვფიქრობ, ორი თანაბარი სიძლიერის გუნდი იყო. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდი უფრო ძლიერი იყო. 2-წუთიან მონაკვეთში კონცენტრაცია დავკარგეთ, ამას სჭირდება გამოცდილება. გამოცდილება რომ მიიღო, ასეთ თამაშებში ხშირად უნდა მიიღო მონაწილეობა. სადღაც შეიძლება მეტოქემ გაპატიოს, მაგრამ დღევანდელმა მეტოქემ არ გვაპატია, ასეთ დონეზე შეცდომებს არ გაპატიებენ.

მე ვფიქრობ დაგვაკლდა კონცენტრაცია და ეს იყო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა სხვა მიზეზებიც იყო, მათ შორის ის, რომ ძლიერი ფეხბურთელები ვერ გვეხმარებოდნენ.

ერთი წელია „დინამოში“ ვმუშაობ. ვფიქრობ, ბევრი რამ შევძელით, თუმცა ბევრი რაღაცა ვერ შევძელით.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფსიქოლოგია მოსატრიალებელია. გამარჯვებულის ფსიქოლოგია დაგვაკლდა, გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს. მოპოვებულ უპირატესობას ადვილად ვკარგავთ. ამაზე უნდა ვიმუშავოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები