გიორგი მამარდაშვილი, ანდრე ონანა
Aa
Aa

კანისარესი: „მამარდაშვილს ლიმიტი არ აქვს, ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია“

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა Sportitalia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და „ღამურების“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. კანისარესს „ინტერის“ ინტერესზე ჰკითხეს და ესპანელმა „მამარდას“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„რას ვფიქრობ გიორგიზე? ის შესანიშნავი გოლკიპერია, რომელიც ბრწყინვალე დონეზე იმყოფება. როცა ახალგაზრდა მეკარე, ყოველწლიურად პროგრესირებს, ზუსტად ისე, როგორც ამას მამარდაშვილი აკეთებს, ერთ რამეს ნიშნავს... რას? იმას, რომ არ იცი, მისი მაქსიმუმი და ლიმიტი რა არის. დღეს ვერ ვიტყვით, გიორგის რა დონის მიღწევა შეუძლია თუ პროგრესი განაგრძო. მამარდაშვილი ნებისმიერი ევროპული კლუბისთვის საინტერესო ვარიანტია.

მილანელთა ინტერესი? როგორც ვთქვი, მამარდაშვილს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში თამაში შეუძლია და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ინტერი და მილანი არიან. ვფიქრობ, გიორგის აქვს უნარი, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურად მოთამაშე გუნდის ძირითადი მეკარე იყოს და ორი აზრი არაა, რომ ვალენსიას ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია.

ონანა? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ინტერმა უსასყიდლოდ გაიფორმა, მისი 60 მილიონ ევროდ გაყიდვა ბრწყინვალე გარიგება იქნება. თუმცა, მიმაჩნია, რომ 60 მილიონი ნებისმიერი მეკარისთვის ძალიან ბევრია. ანდრე კარგი გოლკიპერია, რომელმაც ინტერში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ასეთი თანხის სანაცვლოდ სატრანსფერო ბაზარზე სხვა ვარიანტების პოვნაც შეიძლება. ერთ-ერთი მამარდაშვილია“.

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა  100 მილიონი ევროა. 2022/23 წლების სეზონში ახალგაზრდა ქართველმა „ღამურების“ აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდი ლა ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები