გასოლი, ნადალი, ალონსო... და თოფურია | El Periodico ქართველ ელ მატადორზე წერს
ესპანურმა გაზეთმა, El Periodico-მ UFC-ის ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე დაწერა. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ პაუ გასოლის, რაფაელ ნადალისა და ფერნანდო ალონსოს შემდეგ, ესპანეთი თოფურიამ ასახელა და UFC-ის ცაში ადგილი დაუმკვიდრა.
„ილია თოფურიამ, რომელიც ელ მატადორის მეტსახელითა ცნობილი, ესპანელ გულშემატკივრებს შერეული საბრძოლო ხელოვნებისადმი ემოციები გაუღვიძა. 26 წლის მებრძოლს კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას და ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
ილია ჰალეში დაიბადა, ქართველი მშობლები ჰყავს და ალიკანტეში გამოწრთობილი მებრძოლია. ბავშვობაში, საკუთარ ძმასთან, ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მიჰყვებოდა, ესპანეთში გადასვლის შემდეგ კი MMA-ის მებრძოლობა გადაწყვიტა. ილიამ და ალექსანდრემ თავიანთი ისტორიის წერა ალიკანტეში მდებარე კლიმენტ კლუბში დაიწყეს.
ძმები განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდნენ, თუმცა ალექსანდრეს ილიას მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, იგი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა UFC-ში აღმოჩნდეს და თავისი ძმის ნაბიჯები გაიმეოროს. უმცროს თოფურიას განსხვავებული ისტორია აქვს. ილია თავისი გამაოგნებელი სისწრაფით ოქტაგონზე ცეცხლს ანთებდა და ეჭვგარეშე იყო, რომ ტალანტი და სიდიადე გააჩნდა. 2020 წელს, მან UFC-სგან ზარი მიიღო და სეუნ ვუ ჩოის ნაცვლად, ზალალთან ჩხუბი შესთავაზეს. ელ მატადორს დიდი ხანი არ უფიქრია. ბარგი ჩაალაგა და აბუ დაბიში გაემგზავრა.
ილიას დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. კორონავირუსმა და მოსამზადებლად მცირე დრომ ესპანელს გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა. თოფურიას ტალანტი აშკარა იყო და ბრძოლის შემდეგ, მასთან მისასალმებლად დენა უაითი მივიდა. UFC-ის პრეზიდენტმა იცოდა, რომ ელ მატადორი UFC-ში დიდ სახელს მოიხვეჭდა და ზალალთან გამარჯვება მისი პირველი ნაბიჯი იყო. ამ ბრძოლიდან ორი თვის შემდეგ, ის ოქტაგონზე დაბრუნდა და დეიმონ ჯექსონი დაანოკაუტა. იგივე გააკეთა რაიან ჰოლთან და ჯაი ჰერბერტთან, ხოლო ბრაის მიტჩელს საბმიშენით მოუგო.

ესპანელმა მებრძოლმა დაუმარცხებელი სერია ჯოშ ემეტთან განაგრძო და ელ მატადორმა ამერიკელს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ილია მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინირებდა, იცოდა, მეტოქისგან საფრთხე საიდან მოდიოდა, სიმშვიდე შეინარჩუნა და დაცვაში ბრწყინვალე იყო. თოფურიამ ოქტაგონის ცენტრალური ნაწილი გააკონტროლა და ემეტს კონტრშეტევებით ტკივილს აყენებდა. ამერიკელის სახე თოფურიას დომინაციას იდეალურად აღწერდა და იგი ნოკაუტს სასწაულებრივად გადაურჩა.
აი, სწორედ ამიტომ უწოდებს ილია საკუთარ თავს ელ მატადორს. იგი ჯიუ-ჯიცუთი და მომაკვდინებელი მარჯვენა ხელით გამოირჩევა, რომელთა წყალობითაც, ჯერ არც ერთხელ დამარცხებულია. ილია საკუთარ მომავალზე მკაფიოდ საუბრობს. მას სურს, UFC-ის ღონისძიება ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართოს. მას უნდა, მაქს ჰოლოუეისთან იჩხუბოს ან საჩემპიონო ბრძოლას დაელოდოს. დენა უაითი დაჰპირდა, რომ ტოპ 5-ში მოხვედრის შემთხვევაში, UFC-ი ესპანეთში ჩავიდოდა და ახლა, როცა ილიამ თავისი ნაწილი შეასრულა, ჯერი ორგანიზაციაზეა“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს